თინათინ ბერძენიშვილი - დღეს ჩატარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და EBU-ს რეგიონული აკადემიის პირველი ტრენინგი, ამაყი ვარ, რომ ამ ტრენინგს 70-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და EBU-ს რეგიონულმა აკადემიამ პირველი არხის ბაზაზე არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრში დღეს ტრენინგების სერია დაიწყო.

სესიებში მონაწილეობენ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები სომხეთიდან. წელს პირველად ტრენინგების სერიაში რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წევრი მაუწყებლებიც ჩაერთნენ.

პირველ ეტაპზე, სტუდენტები იმ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან შეირჩნენ, რომლებთანაც პირველ არხს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, მათ შორის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, რეგიონულ სასწავლო ცენტრში, რომელიც ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ერთად დაარსდა, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების პრაქტიკოსი მედიამენეჯერები მართავენ სასწავლო კურსებს, რაც უმნიშვნელოვანესია პირველი არხისთვის, რადგან მედიის ეკოსისტემაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მაღალი სტანდარტით გამოირჩევა.

„წელს სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს სფეროს და მედიის მიმართულების სტუდენტებს – რეგიონულ მედიას შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტრენინგებს. ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ერთად, პირველმა არხმა დააარსა სასწავლო აკადემია. დღეს ჩატარდა პირველი ტრენინგი. ამაყი ვარ, რომ 70-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა ამ ტრენინგს, მათ შორის რეგიონული მაუწყებლებიდან, სტუდენტები და სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები. ვფიქრობ, თემატიკაც არის აქტუალური და საინტერესო – როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა სოციალური მედია. მიმაჩნია, რომ მსგავსი სწავლება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რადგან ის რესურსი, რომელიც ახალი თაობის სახით მოდის, ვფიქრობ, საბოლოოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიმკვიდრებს ადგილს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც EBU აკადემიის ხელმძღვანელმა, ნატალი ლაბურდატმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მედიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია რეალურად იზრუნოს აუდიტორიაზე და იყოს იქ, სადაც არის აუდიტორია.

„ახალგაზრდები აღარ არიან დაინტერესებული ტრადიციული ტელემაუწყებლობით. ჩვენ მათ ვერ უგულებელვყოფთ. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ისინი არიან. უნდა გვესმოდეს ცხოვრების ახალი წესი. ისინი იყენებენ ამ პლატფორმებს და ჩვენც უნდა ვიყოთ გარკვეულები ამ პლატფორმებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ახალგაზრდებს დავკარგავთ. ისინი იმსახურებენ წვდომას საზოგადოებრივ მედიის კონტენტზე. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ „ტიკ-ტოკზე“, ეს შესაძლოა, გასართობიც იყოს. როგორც ვხედავთ, ჟურნალისტებს შეუძლიათ იპოვონ ახალი გზა, როგორ მოყვნენ ამბავი განსხვავებული, ახლებური გზით. ეს გვეხმარება, რომ ახალგაზრდა აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ტრენინგი იყო ინფორმაციული ხასიათის.

„მომავალ კვირას კი დაგეგმილია ვორქშოპი, რა დროსაც მონაწილეები ისწავლიან უნარებს, როგორ მოამზადონ ახალი ამბები „ტიკ-ტოკზე“. იქნება გარკვეული დავალებები, რის შემდეგაც ჩვენ პრაქტიკაში ვნახავთ, რა ისწავლეს მონაწილეებმა“, – განაცხადა ნატალი ლაბურდატმა.

როგორც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა, სანიმუშოა, თუ როგორ ზრუნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი სტუდენტთა პროფესიული დონის ამაღლებაზე.

„ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის, რადგან ასეთი მაღალი დონის პროფესიონალებთან გაივლიან სტაჟირებას, თეორიულად და პრაქტიკულად გაეცნობიან ევროპულ პროფესიულ სტანდარტს. სამაგალითო და სანიმუშოა, თუ როგორ ზრუნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი სტუდენტთა პროფესიული დონის ამაღლებასა და მომავალი კადრების მომზადებაზე. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ და მხოლოდ კარგ შედეგს გამოიღებს. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმ ადამიანებს, ვისი დამსახურებითაც გაფორმდა ეს მემორანდუმი“, – განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

ამასთან, როგორც მაუწყებელთა ალიანსის თავმჯდომარე ავთანდილ გველებიანმა აღნიშნა, სასიხარულოა ევროპული გამოცდილების გაზიარება, რისი საშუალებაც მიმდინარე სესიების ფარგლებში რეგიონულ მაუწყებლებს მიეცემათ.

„იმედი გვაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებლის და რეგიონული მაუწყებლების თანამშრომლობა მომავალშიც პროდუქტიულად გაგრძელდება“, – აცხადებს ავთანდილ გველებიანი.

ტრენინგები მაისიდან აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: Tik Tok და IG REELS; ხელოვნური ინტელექტი და ყალბი ინფორმაცია; ხელოვნური ინტელექტი: შესაძლებლობების გამოყენება ახალი ამბების შექმნისას; Tik Tok და ახალი ამბები.