თინა ბოკუჩავამ და ნიკა მელიამ აშშ-ის საელჩოსა და სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, თინა ბოკუჩავამ და ნიკა მელიამ აშშ-ის საელჩოსა და და სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებთან დღეს გამართული შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრეს. ამის შესახებ მათ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადეს.
„კონკრეტიკაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს იყო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან და ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხზე. მათ შორის, ბუნებრივია, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებითაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასევე, ვისაუბრეთ არჩევნებზე და მოახლოებულ მეორე ტურებზე, რომლის მნიშვნელობაც კარგად ესმით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და თავად ეს მაღალი დონის ვიზიტიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალი ნების გამოხატვა 30 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ნიკა მელიას თქმით, შეხვედრაზე ყველა აქტუალურ, მნიშვნელოვან თემაზე იყო დეტალური საუბარი.
„სამწუხაროდ მოკლებული ვარ შესაძლებლობას, დეტალებზე გესაუბროთ, ვინაიდან შეხვედრის ფორმატი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ეს იყო დახურული შეხვედრა, მათ შორის მედიისთვისაც. ყველა აქტუალურ, მნიშვნელოვან თემაზე იყო დეტალური საუბარი, როგორც 30 ოქტომბერს გასამართ არჩევნებზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, იმ ძალადობაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ვხედავთ, რომ პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“, მათ მიერაა ორგანიზებული, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანებით, სახელით და გვარებით იცნობს საზოგადოება. ამდენადაც, მორალური კოლაფსი განიცადა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც აქციას უწყობენ. ასეთი რამ თუ გინახავთ ან გაგიგიათ, არ ვიცი. არც გაგიგიათ, არც გსმენიათ მსგავსი სისაძაგლე. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გაიაზროს მოცემულობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება მათ ყოველ ნაბიჯს და როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქცია ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება შესაბამისი და ადეკვატური. აპირებს ბიძინა ივანიშვილი, იძალადოს? ეს მას ძალიან ძვირ ფასად დაუჯდება. სურვილი მაქვს, გესაუბროთ ბევრ დეტალზე, რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით შეხვედრისას, მაგრამ მოკლებული ვარ შესაძლებლობას“, – განაცხადა მელიამ.
სასტუმრო „რუმსში“ იმართება შეხვედრა, რომელზეც პარტიების წარმომადგენლებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ხვდებიან. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და პარტიების წარმომადგენლები მასზე რიგრიგობით შედიან.