თინა ბოკუჩავა - ყველას გამოცდილება და ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, ოპოზიცია ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ არა იმაზე, რაც შესაძლოა, განგვასხვავებდეს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს
თინა ბოკუჩავა - ყველას გამოცდილება და ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, ოპოზიცია ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ არა იმაზე, რაც შესაძლოა, განგვასხვავებდეს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს

დარწმუნებული ვარ, გამარჯვება ძალიან ახლოს არის, ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა უფრო უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, ვიდრე იმაზე, რაც შესაძლებელია, განგვასხვავებდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა თაკო ჩარკვიანის განცხადებებზე, რომელიც „კანონი და სამართლის“ ლიდერმა გიგა ბოკერიასა და ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით გააკეთა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის ოპოზიციის დაყოფისა და დანაწევრების დრო. მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველა უნდა დავდგეთ ერთად. ის, თუ ვინ იქნება ასე ვთქვათ წინა ასპარეზზე, ვინ უკან და ა.შ., ამას განსაზღვრავს თვითონ პროტესტის დინამიკა, მაგრამ ყველა ადამიანი, ყველას გამოცდილება, ყველას მონდომება და ყველას ჩართულობა ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ახლოს არის გამარჯვება. ამიტომ ჩემი აზრით, უფრო უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, ვიდრე იმაზე, რაც შესაძლებელია, განგვასხვავებდეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, არც ნინო ბურჯანაძეს და არც გიგა ბოკერიას ხალხის მანდატი ხელში არ უჭირავთ.

„ნინო ბურჯანაძე უკვე ლიდერად წარმოჩენას ცდილობს. გავრილოვის გამო კოსაჩივისთვის ბოდიშის მომხდელი ნამდვილად არ მინდა ორგანიზატორად“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ხალხი აქციებზე „30-წლიანი ნათაღლითარების, პოლიტიკური გვამების – ბოკერია-ბურჯანაძის გაცოცხლების გამო არ მიდის“.