თინა ბოკუჩავა - ყველაფერს ვაკეთებდით, რათა რეფორმები განხორციელებულიყო, თუმცა ხელისუფლებისგან პოლიტიკური ნება როცა არ არსებობს, ოპოზიცია ამას წინ ვერ აღუდგება 
თინა ბოკუჩავა - ყველაფერს ვაკეთებდით, რათა რეფორმები განხორციელებულიყო, თუმცა ხელისუფლებისგან პოლიტიკური ნება როცა არ არსებობს, ოპოზიცია ამას წინ ვერ აღუდგება 

არამცთუ 11, არამედ მხოლოდ სამ რეკომენდაციას მიიჩნევს შესრულებულად ევროკომისია და ეს უკვე ოფიციალურად განაცხადეს ბრიუსელში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსურდი უნდა შეწყდეს.

„ისინი ვერც საქართველოს მოქალაქეებს და ვერც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვერ მოატყუებენ. ყველა გადასარევად ხედავს, რა ხდება რეალურად. დღევანდელი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა მიზანმიმართულად წაართვას ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი. მუდმივი გადაბრალების პოლიტიკა ყავლგასულია და მას არანაირი მოჭიდება არ აქვს არც ქვეყნის ფარგლებს შიგნით და არც მის გარეთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა.

„ბუნებრივია, ოპოზიციის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რათა რეფორმები განხორციელებულიყო – იქნებოდა ეს დეოლიგარქიზაციის კანონი თუ მართლმსაჯულების რეფორმა. მათ შორის, მაგალითად, ვენეციის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად. ამის პოლიტიკური ნება როცა არ არსებობს, რადგან ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, არ შეასრულოს რეკომენდაციები და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამას ოპოზიცია ნამდვილად ვერ აღუდგება წინ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.