თინა ბოკუჩავა - ვფიქრობ, პერმანენტული დაუმორჩილებლობის აქციები უნდა დავაანონსოთ
თინა ბოკუჩავა - ვფიქრობ, პერმანენტული დაუმორჩილებლობის აქციები უნდა დავაანონსოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას აზრით, პერმანენტული დაუმორჩილებლობის აქციები უნდა დაანონსონ.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს კოლეგებთან გაივლის.

როგორც ბოკუჩავა ამბობს, საქართველოს მოქალაქეს 2 000 ლარით აჯარიმებენ და ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, ტაშ-ფანდურით იღებენ.

„გავრილოვის შემდეგ ასეთ რამეს თუ გააკეთებდა კიდევ „ქართული ოცნება“ ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, აღარ არსებობს უბრალოდ, გადავიქეცით გეოგრაფიულ ერთეულად, სადაც პოლიციელები იცავენ ოკუპანტებს. ამიტომ მე ვფიქრობ და ახლა კოლეგებთან ვაპირებ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციას, რომ უნდა დავაანონსოთ დაუმორჩილებლობა, დაუმორჩილებლობის აქციები, პერმანენტული, რომელიც არ უნდა გაწყდეს, რადგან დაუშვებელია, წარმოუდგენელი უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს 2 000 ლარით აჯარიმებენ და ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, ოკუპანტებს ელარჯებს უწელავენ, ტაშ-ფანდურით იღებენ, ფიანდაზებს უგებენ, შემდეგ პოლიციელები ჩვენ გვეჭიდავებიან და ძალადობენ ისინი რომ დიდი პატივისცემით გააცილონ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

სასტუმრო „ვინოტელთან“ აქციაზე აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

სამართალდამცველებმა სასტუმრო „ვინოტელიდან“ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები პოლიციის კორდონის საშუალებით გაიყვანეს. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ტერიტორია ავტობუსით დატოვეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.