თინა ბოკუჩავა – თავად ხელისუფლება აიხლართა იმ სიყალბეში, რომელიც შექმნა ნიკა მელიას წინააღმდეგ, როდესაც პოლიტიკურად შეკერა საქმე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად შეკერილია და მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
„მანდატების გაუქმებაზე როგორი მცოცავი გრაფიკიც შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი უპრინციპო დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იმგვარ დინამიკას ვხედავთ ასევე ნიკა მელიას უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით, როდესაც ერთი მხრივ იმუქრებიან, რომ აპირებენ ამის გაკეთებას და შემდეგ ვხედავთ, რომ მუდმივად ახდენენ იმ მომენტის გადავადებას, როდესაც თითქოსდა უნდა მოხდეს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების მოხსნა.
თავად ხელისუფლება აიხლართა იმ სიყალბეში, რომელიც შექმნა ნიკა მელიას წინააღმდეგ, როდესაც მან პოლიტიკურად შეკერა საქმე მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. თუ ვინმემ უნდა აგოს პასუხი იმ სისხლიანი მოვლენებზე, რომელიც საზოგადოებამ იხილა, სადაც უმარავი ჩვენი თანამოქალაქე ჩვენთან ერთად იყო ამ ღამეს, ეს არის გახარია, რომელიც შედგომ პრემიერ-მინისტრად დაგვინიშნა ბიძინა იივანიშვილმა, ის ადამაიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 20-21 ივნისის ღამის სისხლიან დარბევაში“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, კითხვაზე, „რა მოლოდინი გაქვთ, ნიკა მელიას დააკავებენ?“, – ბოკუჩავა პასუხობს, რომ ამის პროგნოზირება რთულია.
„ძალიან რთულია პროგნოზირება, თუ რას გააკეთებს ხელისუფლება, რადგან საქმე არ გვაქვს ხელისუფალთან, რომელიც მოქმედებს კანონიდან გამომდინარე, საქმე გვაქვს ერთ ადამიანთან, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ ამოძრავებს დემოკრატიული ინსტიქტები. ბოლო მომენტში სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება, გააცნობიერებს თუ არა ეს ადამიანი, რაოდენ უზარმაზარი საფრთხის შემცველია ნიკა მელიას დაპატიმრება პირადად მისთვის, თავი რომ დავანებოთ იმ სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს, რასაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.