თინა ბოკუჩავა - თამარ ჩუგოშვილი თავისსავე დაწერილ პარლამენტის რეგლამენტს ისე განმარტავს, რომ ფორმალობად აქცია ე.წ. ინტერპელაციის პროცედურა
პარლამენტის წევრებს არ გვეძლევა საშუალება, პრემიერ-მინისტრთან კითხვები დებატის ფორმატში დავსვათ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „თამარ ჩუგოშვილი თავისსავე დაწერილ პარლამენტის რეგლამენტს ისე განმარტავს, რომ სრულ ფორმალობად აქცია ე.წ. ინტერპელაციის პროცედურა“.
როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, წესით პარლამენტის საზედამხედველო ბერკეტი ახალი რეგლამენტის მიხედვით მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო და აღნიშნა, რომ ამან გამოიწვია სხვადასხვა დეპუტატის აღშფოთება, რაზეც არაერთმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
„ჩვენ მაინც დავსვით კრიტიკული კითხვები, იქნებოდა ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, „თიბისის“ საქმეზე, ლარის კურსზე, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სიაზე, თუ სხვაზე, რადგან ფორმალურად მაინც მოგვესმინა პასუხები პრემიერის მხრიდან. აქაც სრულიად უფუნქციო აღმოჩნდა მისი გამოსვლა. კონკრეტული პასუხების ნაცვლად, მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა პირის მხრიდან თითის გაშვერა წარსულისკენ, გადაბრალება, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვთავაზოს კონკრეტული გადაჭრის მეთოდები იმ ძალიან სერიოზული პრობლემებისთვის, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დააყენა ივანიშვილის შვიდწლიანმა მმართველობამ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.