თინა ბოკუჩავა – სხდომა უნდა ჩაიშალოს, რათა უზენაეს სასამართლოში მონები არ გამწესდნენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ, ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სხდომა უნდა ჩაიშალოს, რათა უზენაეს სასამართლოში მონები არ გამწესდნენ.
„არ გთვლით ღირსად, რომ აქ შემოვიდეთ, იმიტომ ვართ ბოიკოტში, მაგრამ როცა შემოვალთ სხდომაზე, მოგვეცით საშუალება, სიტყვით გამოვიდეთ და გაგაგონოთ ხალხის ხმა. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს მონებით დაკომპლექტება. თქვენ ხართ მონები. თავს არავინ შეიკავებს, სანამ არ მორჩება ის უსამართლობა, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ეს სხდომა უნდა ჩაიშალოს, უნდა გადაიდოს. არავინ დამშვიდდება, არც სიტუაცია დამშვიდდება, არც ბოიკოტირება შეჩერდება, არც პიკეტირება. მოვითხოვთ, გადაიდოს ეს სხდომა, რათა უზენაეს სასამართლოში მონები არ გამწესდნენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალი და ვიღაც გვრიტიშვილებმა არ უნდა გადაუწყვიტონ ჩვენს შვილებს მომავალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცემა.
ამასთან, მან მანდატურებს მოუწოდა, თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ.
მანამდე კი დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა და უნდა გადადებულიყო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება 19 კანდიდატზე მოუწევს, თუმცა კენჭს პროცედურის მიხედვით ზაზა თავაძესაც უყრიან.