თინა ბოკუჩავა - საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის დარბევის მთავარი არქიტექტორი უნდა დასჯილიყო
თინა ბოკუჩავა - საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის დარბევის მთავარი არქიტექტორი უნდა დასჯილიყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ 20 ივნისის დარბევის მთავარი არქიტექტორი უნდა დასჯილიყო, თუმცა პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე არასამთავრობოების მიერ გამოხატული სულისკვეთება რეალურად მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობას ასახავს.

„ამას ამბობს არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, არამედ, რა თქმა უნდა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ის ადამიანი, რომელიც არის 20 ივნისის სისხლიანი დარბევის მთავარი არქიტექტორი, უნდა დასჯილიყო.

ამის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა ის დააწინაურა და დასვა პრემიერ-მინისტრად. ამიტომ ის სულისკვეთება, რომელიც გამოხატეს არასამთავრობოებმა, რეალურად გამოხატავს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სულისკვეთებას. დარწმუნებული ვარ, ამაზე საკუთარ რეაქციას ისინი დააფიქსირებენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც უარს ეტყვიან ბიძინა ივანიშვილს, მის ხელდასმულ გახარიას და აირჩევენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც რუსი ოკუპანტის სახელით თვალებს არ თხრის საკუთარ მოსახლეობას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენებთან, ასევე, აქციის დროს დაშავებულ პირთა, მათ შორის, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

„მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განახორციელოს ყველა ის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც აუცილებელია 20-21 ივნისის მოვლენების სისტემური ანალიზისთვის; გამოძიების ფარგლებში სათანადოდ შეისწავლოს რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერების საკითხი და, ამ მიმართულებით, ხელმძღვანელ პირთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები;

გამოძიების ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ რიგითი სამართალდამცავების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზე“,- ნათქვამია საიას-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, 20-21 ივნისის მოვლენების კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“. ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მულტი – პროფილური კვლევის შედეგად გამოიკვეთა მიშვნელოვანი შეუთავსებლობა სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს შორის, ასევე იკვეთება ჩატარებული ოპერაციის დამსჯელობითი ხასიათი, სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზები გამოიკვეთა გამოძიების სტანდარტებში“.