თინა ბოკუჩავა - სამ თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვერ ჩატარდება, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია
თინა ბოკუჩავა - სამ თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვერ ჩატარდება, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამ თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვერ ჩატარდება და ეს საკითხი არ განიხილება.

თინა ბოკუჩავას თქმით, სერიოზულ თემებზე უნდა დაიწყოს მსჯელობა.

„ნაცვლად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში ებრძოდეს რუსულ რეჟიმს და ემზადებოდეს გეოპოლიტიკური, უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის, ამ ადამიანების ლოგიკით, ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ვატაროთ? ალოგიკურია, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, გადავიდეთ სერიოზულ თემებზე. ამ თემის მუდმივი პედალირება მობეზრდა ჟურნალისტების აბსოლუტურ უმრავლესობას, მაყურებელს, ამომრჩეველს, სიამოვნებას იღებს მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. არ განიხილება და ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები ვერ ჩატარდება მაშინ, როდესაც ჩვენ გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება კითხვას, „ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი ნიკა მელიას გარიცხვას, მაგრამ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი?“ – ბოკუჩავას განცხადებით, ამ ფორმალურ, ტექნიკურ დეტალებში არ შესულა.

„მელია თუ ითხოვს ცნობას, დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია, გააკეთოს ასეთი განცხადება, რადგან სხვა პირზე ასეთი განცხადება არ გაიცემა. ნიკა მელიას მაგივრად მე არ გავაკეთებ განცხადებას. მან მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და აირჩია პოლიტიკური გზა. ყველას, ვინც ებრძვის ივანიშვილის რეჟიმს ან მომავალში აირჩევს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის გზას, ვუსურვებ წარმატებას, ჩვენთვის ეს საკითხი ამოწურულია“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, რამდენიმე რაიონის საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა განცხადებები გაავრცელეს, სადაც პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.