თინა ბოკუჩავა - რუსულ ოცნებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშნის დასმა საერთო საქმის მტრობაა, გახარიას თუ ჰგონია, წარუმატებლობის შემთხვევაში ოპოზიციას შეაწმენდს ხელს, სასტიკად ცდება
რუსულ ოცნებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კამპანიური ხასიათის ნარატივით ტოლობის ნიშნის დასმა, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, არის ცრუ ნარატივების პედალირების, ივანიშვილის პროპაგანდის კვებისა და ოპოზიციის ფრაგმენტაციის მცდელობა და საერთო საქმის მტრობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ ბანერის კომენტირებისას სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას თუ ჰგონია, რომ ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება.
„გახარიას პარტიის პოსტი, რომელიც დადეს და შემდეგ აიღეს, სინამდვილეში გაცილებით დიდი პრობლემის გამოხატულებაა.
რეალობაში, სადაც ივანიშვილი ქვეყანას გვართმევს, რუსულ ოცნებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კამპანიური ხასიათის ნარატივით ტოლობის ნიშნის დასმა, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, არის ცრუ ნარატივების პედალირების, ივანიშვილის პროპაგანდის კვების და ოპოზიციის ფრაგმენტაციის მცდელობა და საერთო საქმის მტრობა. ომში ვართ და უნდა ჩამოვყალიბდეთ, ერთად ვიბრძვით თუ ერთმანეთს ვებრძვით.
გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება, რადგან ბრძოლის სხვა ფაზა არ იქნება. ან ვიმარჯვებთ, ან ყველანი ვნადგურდებით. შემდგარ დიქტატურაში ივანიშვილს არც გახარია დასჭირდება ოპოზიციად და დემოკრატიობანას სათამაშოდ.
მორალური პედესტალიდან როცა საუბრობს, გაიხსენოს, რომ მის სიაშიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მე ის პერიოდი ძირითადად საზღვარგარეთ ვსწავლობდი, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიაზრებ და ვიზიარებ“, – წერს თინა ბოკუჩავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საპარლამენტო მანდატების საკითხსაც შეეხო და დაინტერესდა, როდის დაწერენ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრები განცხადებებს არალეგიტიმური პარლამენტის დატოვების შესახებ.
„დაბოლოს, რადგან მანდატების საკითხზე თავად გახსნა დისკუსია გახარიამ, როდის წერს განცხადებებს არალეგიტიმური პარლამენტის დატოვების შესახებ თუ მართლა ჰგონია, საზოგადოება მიიღებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ იმუნიტეტისთვის სჭირდება მანდატი? მაშ, იმ ათასობით დემონსტრანტს რას ეუბნება, ვინც იმუნიტეტის გარეშე ყოველდღიურად დაჭერის საფრთხეს არ უშინდება? მორალური სიცხადისთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვა მგონია, ვიდრე ის ყალბი ბუღალტერია, რასაც გახარია გვთავაზობს და რომელიც სინამდვილეში ივანიშვილის საბუღალტრო წიგნაკშია დაწერილი“, – წერს თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „გახარია news საქრთველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ბანერი, სადაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“.
