თინა ბოკუჩავა - როგორც მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა არის კატეგორიულად მიუღებელი, ისე მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ქმედებები არის საქართველოს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული
თინა ბოკუჩავა - როგორც მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა არის კატეგორიულად მიუღებელი, ისე მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ქმედებები არის საქართველოს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული

როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა არის კატეგორიულად მიუღებელი ქმედება, ისე საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები არის საქართველოს და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთნ, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაზე, მასზე თავდასხმასა და ძალადობაზეა საუბარი, ასევე ყოველთვის უნდა გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, ბოკუჩავას თქმით, დღეს პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში და ნამდვილად უკიდურესად სამარცხვინოა და წარმოაჩენს ივანიშვილის არაქართულ სახეს, როდესაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გამოყენება ხდება, როგორც „ტიტუშკების“, რათა იძალადონ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, იძალადონ ქართველ ქალზე. ამავდროულად, იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ის მორალური სიცხადე, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ცივილიზაციურ ომში, რომელსაც ივანიშვილი აწარმოებს რუსეთის სახელით ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები და არ არსებობს ნახევარი სიმართლე. ამიტომ, პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაზე როდესაც ვსაუბრობთ, მასზე თავდასხმასა და ძალადობაზე, ასევე ყველგან და ყოველთვის უნდა გავიხსენოთ ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პოლიტიკური ნიშნით იდევნება და მეოთხე წელია, იმყოფება საპატიმროში და სწორედ ივანიშვილის საპატიმროში მის წინააღმდეგ მიმართული იყო არაადამიანური და წამების ტოლფასი მოპყრობა. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა არის კატეგორიულად მიუღებელი ქმედება, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების და პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, ასე საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც იყო ღირსების შემლახავი და ტოლფასი არაადამიანური მოპყრობისა და წამების, ესეც სწორედ არის საქართველოს და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ აღდგება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ღირსება და აღდგება, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს ღირსება, სუვერენიტეტი, თავისუფლება, ყველაფერი, რასაც დღეს გვაკარგვინებს ივანიშვილის რუსული რეჟიმი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ პარლამენტში მოქმედ „არალეგიტიმურ რუსულ კომისიაში“.

„შეხვედრა მნიშვნელოვანწილად ეძღვნებოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც, ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არაღიარებული ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ იყო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გაჟღერება ხდება სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. იქ საუბარი იყო, ბუნებრივია, ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზაზე. ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ამ შეხვედრაზე, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში, არალეგიტიმური პარლამენტის, რომელსაც არ აქვს აღიარება და ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება ამ არალეგიტიმურ რუსულ კომისიაში მონაწილეობის არმიღების არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.