თინა ბოკუჩავა - რეზოლუციის ტექსტში ცვლილება შეიტანეთ და ასახეთ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დღეს უკრაინის, საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება რუსეთი
რეზოლუციის ტექსტში ცვლილება შეიტანეთ და ასახეთ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დღეს უკრაინის, საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება რუსეთი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი დადგეს ერთად და რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა ისაუბროს ერთი ხმით. დიახ, ეს არის საქართველოს ეროვნული ღირსების და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. დიახ, ეს არის უკრაინის ეროვნული ღირსების საკითხი და ამიტომ ჩვენ ახლა მაინც რეგიონისთვის ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე უნდა შევძლოთ, რომ ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, მივიღოთ ზეპარტიული გადაწყვეტილება, მივიღოთ ზეპარტიული რეზოლუცია და ამით ვაჩვენოთ უკრაინას, ისევე როგორც მსოფლიოს, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტებში ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
ახლა, როდესაც დასავლეთი იწყებს ახალი შეკავების პოლიტიკის არქიტექტურას რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი იმისთვის, რომ დაჩქარდეს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზება და თქვენ ამ შანსს უშვებთ ხელიდან და საქართველოს ართმევთ ამ შესაძლებლობას. მოგიწოდებთ, შეიტანეთ ტექსტში ცვლილება და ასახეთ მასში ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დღეს უკრაინის, საქართველოს და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება რუსეთის ფედერაცია და ამით მიეცით საქართველოს შანის დაიცვას საკუთარი ეროვნული ღირსება, წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში და რეგიონისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში იყოს ისტორიის სწორ მხარეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.