თინა ბოკუჩავა - ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება კრიზისის დაძლევა, რათა მივხედოთ უამრავ პრობლემას, რომლებზე საუბრის საშუალებაც არ გვეძლევა, რადგან გაუთავებლად ვსაუბრობთ მოლაპარაკებების პროცესზე
თინა ბოკუჩავა - ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება კრიზისის დაძლევა, რათა მივხედოთ უამრავ პრობლემას, რომლებზე საუბრის საშუალებაც არ გვეძლევა, რადგან გაუთავებლად ვსაუბრობთ მოლაპარაკებების პროცესზე

„ქართულ ოცნებას“ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს დათმობაზე წასვლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„მოთხოვნები არ შეცვლილა, მოთხოვნები ძალიან კარგად არის ცნობილი ბატონი დანიელსონისთვის, თუმცა წინა მოლაპარაკების დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ ჰქონდათ იმის მანდატი და უფლებამოსილება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ საერთოდ განეხილათ არათუ შეთანხმება, არამედ ის საკითხები, რომლებიც ოპოზიციისთვის არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. ადრე თუ გვიან, „ქართულ ოცნებას“ მაინც მოუწევს დათმობაზე წასვლა, ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. უბრალოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ბიძინა ივანიშვილი იმ პოლიტიკურ ფასს, რომლის გადახდაც მოუწევს ქვეყანას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, პიროვნულად მას, მოლაპარაკების ჩაშლისთვის. რაც უფრო მალე მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს ფასი იქნება ძალიან მაღალი, მით უკეთესი მისთვის და ქვეყნისთვის, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება ამ კრიზისის დაძლევა, რათა მივხედოთ უამრავ პრობლემას, მათ შორის, პანდემიას და ეკონომიკურ მდგომარეობას. არ გვეძლევა საშუალება, ამ პრობლემებზე ვისაუბროთ იმიტომ, რომ გაუთავებლად ვსაუბრობთ მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც არ მთავრდება, რადგან ხელისუფლებას არ გააჩნია მინიმალური კეთილგონიერებაც კი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან დაიწყებს.