თინა ბოკუჩავა - პუტინმა „ქართული ოცნება“ ტყუილში ამხილა, მან დაადასტურა, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას პასუხები გასცეს
თინა ბოკუჩავა - პუტინმა „ქართული ოცნება“ ტყუილში ამხილა, მან დაადასტურა, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას პასუხები გასცეს

პუტინმა დაადასტურა, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამ ვითარებაში კითხვებია, ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ასევე კითხვაა, რა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ სანაცვლოდ, რა დათმო ხელისუფლებამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, პარლამენტიდან საზოგადოებას პასუხები გასცეს.

„რუსეთის პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ ამხილა ტყუილში, როდესაც მან განაცხადა, რომ დიდი ხნის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება თავად ითხოვდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება არწმუნებდა მოსახლეობას, რომ არანაირი მოლაპარაკება მტერთან არ მიმდინარეობდა. პუტინმა დაადასტურა, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამ ვითარებაში ძალიან მწვავე კითხვებია საზოგადოების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, იყო ეს ერთი პირი თუ პირთა წრე. საზოგადოებამ კონკრეტული სახელები და გვარები უნდა იცოდეს. ასევე კითხვაა, რა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ სანაცვლოდ, რა დათმო ხელისუფლებამ, კიდევ რა საკითხები განიხილებოდა. მაგალითად, განიხილებოდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის ან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფორმალურად ასრულებს ამ მოვალეობას, ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს პასუხები. რეგლამენტის მიხედვით, პირველ ივნისამდე მან უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში და ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს მყისიერად. მისი ანგარიში აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ქმედებებზე უნდა იმსჯელოს.

„ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ პარლამენტმა იმსჯელოს საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებზე და პრემიერ-მინისტრს ექნება ვალდებულება, ყოველწლიური ანგარიშის წარმოდგენისას სწორედ ამ საკითხებზე წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“.