თინა ბოკუჩავა - პირადი წუხილების გამო გახარიას გუნდის მიმართ გაცემულია დავალება, რომ მათ შოვის სტიქიის თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარი არ დაუჭირონ
თინა ბოკუჩავა - პირადი წუხილების გამო გახარიას გუნდის მიმართ გაცემულია დავალება, რომ მათ შოვის სტიქიის თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარი არ დაუჭირონ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პირადი წუხილების გამო გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის მიმართ გაცემულია დავალება, რომ მათ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარი არ დაუჭირონ.

როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, არსებობს საკითხები, რაზეც გახარიას, როგორც მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, შეიძლება კითხვებისთვის პასუხების გაცემა მოუწიოს.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიისთვის მხარის დაჭერას ყველა ოპოზიციური პარტია აპირებს, ერთის გარდა.

„სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე უფრო მეტად იმ პერიოდზე ღელავდნენ, რომელიც საგამოძიებო კომისიის კვლევის საგანი შეიძლება გახდეს და როცა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო. თუ ეს მათი მთავარი წუხილია, ეს არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მნიშვნელოვანია, სიმართლე დადგინდეს, მათ შორის, იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთი ტიპის კატასტროფთან დაკავშირებით უკეთ იყოს აღჭურვილი. ესა თუ ის დეპუტატი სწორედ ამ ინტერესიდან უნდა ამოდიოდეს. გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები კი პარლამენტში უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მათ ხელში პარლამენტის საგამოძიებო კომისია“, – დასძინა ბოკუჩავამ.