თინა ბოკუჩავა - „ოცნებას“ იმიტომ სჭირდება რუსული ნარატივის მუდმივი პედალირება, რომ არ ისაუბროს ეკონომიკაზე, მძიმე რეალობაზე, ამის დასრულების შანსი მოქალაქეებს აქვთ 2024 წლის არჩევნებზე
თინა ბოკუჩავა - „ოცნებას“ იმიტომ სჭირდება რუსული ნარატივის მუდმივი პედალირება, რომ არ ისაუბროს ეკონომიკაზე, მძიმე რეალობაზე, ამის დასრულების შანსი მოქალაქეებს აქვთ 2024 წლის არჩევნებზე

„ხალხის ძალა“ არის ე.წ. პრორუსული ძალა, რომელიც ღიად რუსულ გზავნილებს აჟღერებს, მათ შორის 2008 წლის ომთან, უკრაინასთან მიმართებაში და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნატო-სთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებაზე.

„ეგრეთ წოდებული „ხალხის ძალა“ არის ე.წ. პრორუსული ძალა, რომელიც ღიად რუსულ გზავნილებს აჟღერებს, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნატო-სთან დაკავშირებით. ეს არის ერთი მონეტის ორი მხარე და ისინი რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრობენ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. სიმართლე ის არის, რომ არსებობს „რუსული ოცნების“ რადიკალური ფრთა და ეს არის „ხალხის ძალად“ წოდებული ღიად პრორუსული პარტია, რომელიც ისევ და ისევ აჟღერებს ივანიშვილის პრორუსულ გზავნილებს, რაც კვლავ ადასტურებს, რომ „ოცნება“ რუსულ საქმეს ემსახურება.

„ოცნებას“ იმიტომ სჭირდება რუსული ნარატივის მუდმივი პედალირება, რომ არ ისაუბროს ეკონომიკაზე, არ ისაუბროს უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, კორუფციაზე და არ ისაუბროს მძიმე რეალობაზე, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან. ამის დასრულების ერთადერთი შანსი საქართველოს მოქალაქეებს აქვთ 2024 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთი არის ოკუპანტი, რომელმაც საქართველოში ეთნიკური წმენდა განახორციელა.

„ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც იცის მთელმა მსოფლიომ, კრემლის და კრემლის მარიონეტი რეჟიმის გარდა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელმაც საქართველოში ეთნიკური წმენდა განახორციელა. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ხედავს მთელი სამყარო და მხოლოდ და მხოლოდ ეწინააღმდეგება კრემლი და კრემლის მარიონეტი რეჟიმი ივანიშვილის სახით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, კითხვაზე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით საჭიროა თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „რუსების ინიციატივებს საქართველოს პარლამენტში არ ვპასუხობ“.

აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ხელისუფლებამ სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ეფექტიანად დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი შეთანხმებული არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“.