თინა ბოკუჩავა - ნიკა მელიამ პარტიაში რეინტეგრაციის ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა და პარტიის მიღმა დატოვა თავი, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან პლატფორმაზე ვიხილავთ
თინა ბოკუჩავა - ნიკა მელიამ პარტიაში რეინტეგრაციის ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა და პარტიის მიღმა დატოვა თავი, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან პლატფორმაზე ვიხილავთ

სამწუხაროა, რომ ნიკა მელიამ არ გამოიყენა პარტიაში რეინტეგრაციის ბოლო შესაძლებლობა და მან თავი დატოვა პარტიის მიღმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ ნიკა მელიას უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან სხვა პლატფორმაზე იხილავს საზოგადოება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიაში რეინტეგრაციის ბოლო შესაძლებლობა, რაც მდგომარეობდა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტზე, ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაში, არ გამოიყენა ნიკა მელიამ და ამ გადაწყვეტილებით, თავად პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, მან თავი დატოვა პარტიის მიღმა.

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ვიხილავთ, ან რაღაც სხვა პლატფორმაზე. ბუნებრივია, ეს მისი არჩევანია. დიდი იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ყველა პროდასავლელი ჩაერთვება ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. დღეს ეს არის მთავარი ამოცანა და ამ ამოცანით უნდა იხელმძღვანელოს ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც საკუთარ თავს რეჟიმის მოწინააღმდეგედ მოიაზრებს და ასე პოზიციონირებს პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ ქმედებაზე, როდესაც მან ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

„რამდენადაც ვიცი, ეს კითხვაზე ერთგვარი პასუხი იყო. ფორმალურ ნაწილში როგორ ხდება, ამას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წესდება არეგულირებს. წესდების მიხედვით, რამდენადაც ვიცი, არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვისაც აქვს ამის ექსკლუზიური უფლებამოსილება. დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი, ნიკა მელია არის პარტიის წევრი, არ არის პარტიის წევრი, წავიდა, არ წავიდა და ასე შემდეგ. მე მუდმივად აქცენტს ვაკეთებდი იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ფორმალისტური გადაწყვეტილება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიამ მიიღო, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის შემოთავაზებაზე თქვა უარი და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია, მძიმე ბრალდებებს უყენებს. ვფიქრობ, სააკაშვილის ეს მაინტეგრირებელი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ნიკა მელიამ არც ეს შესაძლებლობა გამოიყენა. წარსულშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ პარტია, ბევრი შემოგვიერთდა, ზოგიერთი წავიდა, მათ შორის, გრიგოლ ვაშაძე. ნიკა მელიასგან განსხვავებით, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა განაცხადი და ეს იყო პოლიტიკური, ერთჯერადი განაცხადი. ანუ, ასეთი პრეცედენტი არსებობს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.