თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობაა, ყველა ერთად დგას ნიკა მელიას დასაცავად და აცნობიერებს, რომ ამით ვიცავთ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ღირსებას
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობაა, ყველა ერთად დგას ნიკა მელიას დასაცავად და აცნობიერებს, რომ ამით ვიცავთ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ღირსებას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის ოფისში დღეს ნიკა მელიას დასაცავად, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობაა.

მისი თქმით, ეს ხალხი აცნობიერებს, რომ ნიკა მელიას დაცვით იცავენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ღირსებას.

ამასთან, თინა ბოკუჩავას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

„მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომელიც განიხილავს ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეს, გამოირჩევა მონური მორჩილებით. ეს არის მოსამართლე, რომელიც საგანგებოდ, კონკურსის გარეშე გადმოიყვანეს თელავიდან სწორედ იმ მიზნით, რომ მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ის ფიგურირდება ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის, კოშაძის საქმეში, ასევე გიორგი რურუასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაში. სპეციალირდება სწორედ პოლიტიკურ საქმეებში, მათ შორის ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, ამიტომ რა თქმა უნდა ეს მოსამართლე არ იღებს რაიმე გადაწყვეტილებას.

ახლა მთლიანად ვართ დამოკიდებული იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი თუ გააცნობიერებს, რამხელა ფასის გადახდა მოუწევს, თუ პოლიტიკური მოტივით დააკავებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, თუ გააცნობიერებს ამ საფრთხეს არა მხოლოდ ქვეყნისთვის, ან „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მისთვის პირადად, მაშინ გარწმუნებთ, რომ მონურ მორჩილებაში მყოფი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი არ გამოიტანს წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებას.

თუ ისეთი უმეცარი აღმოჩნდა ივანიშვილი, რომ დაავალა ნინო ჩახნაშვილს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება, თქვენ ხედავთ, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობაა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, ყველა დგას ერთად ნიკა მელიას დასაცავად. ყველა აცნობიერებს, რომ ამით ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის ღირსებას. ვაჩვენებთ, მათ შორის რუს ბიძინა ივანიშვილს, რომ გავრილოვის დავალებები ასე მარტივად საქართველოში არ სრულდება“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება შეშას, რომელიც ცენტრალურ ოფისში მიიტანეს, ბოკუჩავას თქმით, შეშა გათბობასთან ასოცირდება, თუმცა ხელისუფლებას მის მიმართ ფობია აქვს.

„შეშა ასოცირდება გათბობასთან. ამ ხელისუფლებას ფობია აქვს შეშის მიმართ, მაგრამ, როგორც წესი, გათბობასთან ასოცირდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.