თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ თუ იმალებოდნენ, არ ვიცოდი, თუმცა მსმენია, რომ ზოგიერთი მაგიდაზე ასული სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა 
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ თუ იმალებოდნენ, არ ვიცოდი, თუმცა მსმენია, რომ ზოგიერთი მაგიდაზე ასული სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა 

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ ამ დარბაზში მსხდომები, ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ზოგიერთი თქვენგანი მაგიდაზე ასული მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, სამარცხვინოა მედროვეობა, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტში გასაკვირი არაფერია.

„ყოველგვარი სირცხვილის ზღვარი გადალახულია, როდესაც უმრავლესობა საკუთარ ყოფილ წევრს სჯის იმის გამო, რომ მან განსხვავებული აზრი დააფიქსირა და სადამსჯელო ოპერაციად იყენებს კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას. ყოველგვარი სირცხვილის, კოლეგიალობის, ადამიანობის, ზნეობრივი ღირებულებების ზღვრები ამ პარლამენტში გადალახულია, რადგან ერთადერთი ზღვარი და ღირებულება უმრავლესობის წევრებისთვის არის ბიძინა ივანიშვილის სიტყვა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის რატი იონათამიშვილის კრიტიკას და აღნიშნა: „ბატონო რატი, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ვთქვი, რომ ამ პარლამენტის ერთადერთი როლი რაც მას დარჩა არის ის, რომ იყოს ბრმა და მონურ მორჩილებაში ბიძინა ივანიშვილისა“.

მისივე თქმით, პარლამენტის სხდომაზე ხშირად ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მოხსენიება კოლექტიურად კრიმინალებად, „სუწინიორებად“, თუმცა ამას რეაქცია არ მოჰყოლია.

„სრულიად ბინძური და წარმოუდგენელი გამონათქვამები გაგვიგია, მათ შორის აქ მსხდომ პარლამენტის წევრების მხრიდან, მაგრამ არასოდეს, არც თქვენ ბატონო ზვიად, არც წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოწვევის პარლამენტში არასდროს გამოგითქვამთ თქვენი პოზიციები ამ ძალიან არაკორექტულ გამონათქვამებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს რიტორიკას, ივანიშვილის სურვილია, რომ ჩვენი სიტყვები სწორედ მისი სურვილისამებრ შევარჩიოთ და თქვენსავით მხოლოდ მისი სურვილისამებრ მოვახდინოთ ჩვენი პოლიტიკური განცხადებების ჩამოყალიბება. ამას ნამდვილად არ გავაკეთებთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებაზე მსჯელობენ.

სხდომზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ  ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, დღეს ნუ ვაჟკაცობენ.  „ყალბი პათეტიკით ლაპარაკს თავი დაანებოს ზოგიერთმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გვახსენებს ის ხალხი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ, იქ გევაჟკაცათ, სადაც ვაჟკაცობისა და თავდადების ფასი იყო გარეთ გამოსვლა. აქ ნუ იყურებით მუსკულებზე, თავი დაანებეთ ამ რეპლიკებს, ეს დაჩისაც ეხება და ბევრ დაჩის კიდევ, მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც გინდათ რომ მიიღოთ“, – განაცხადა ბესელიამ.