თინა ბოკუჩავა - მსჯელობაში დაიბადება სწორი იდეები
თინა ბოკუჩავა - მსჯელობაში დაიბადება სწორი იდეები

მელიას თავისი აზრი ექნება, მე ჩემი აზრი, სანდრა რულოვსს თავისი აზრი, მაგრამ ჩვენ გვექნება ერთი ამოცანა – ივანიშვილის დამარცხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„ქალბატონმა სანდრამ დააანონსა, რომ სწორედ ისეთ ძალიან მშვიდ, ძალიან ევროპულ, ძალიან საქმიან ხალხთან ახლო კამპანიას ჩაატარებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც გააკეთა ეს ზუგდიდში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაში შეუერთდებიან მას სხვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც.

პრინციპში ამას ჩვენ ვაკეთებდით კიდეც, თუმცა, ახლა მეტ ინტენსივობას შეიძენს კამპანია, რომელიც აუცილებელია მობილიზაციისთვის ბიძინა ივანიშვილის, ამ მართლა მონსტრის დასამარცხებლად.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია რაღაც მომენტებში სხვადასხვა წარმოდგენა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო მეთოდი ამ საერთო მიზნის მისაღწევად, თუმცა, სწორედ მსჯელობაში დაიბადება სწორი იდეები და ეს არის ზოგადად, ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზმისთვის მისაღები პროცესი და არა ის, რომ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, ოლიმპის მთაზე მჯდომი, ამბობდეს და მას მისდევდეს მერე მურუსიძით დაწყებული თალაკვაძით დამთავრებული ყველა.

მელიას თავისი აზრი ექნება, მე ჩემი აზრი მექნება, სანდრა რულოვსს თავისი აზრი ექნება, გია ვაშაძეს თავისი აზრი ექნება, მაგრამ ჩვენ გვექნება ერთი ამოცანა და ეს ამოცანა არის ივანიშვილის დამარცხება და ამას ჩვენ ყველა ერთობლივად, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.