თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება იყო ერთიანი ოპოზიციური სია, თუმცა ერთ-ერთი პარტიის ძალისხმევის გამო ეს არ შედგა
თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება იყო ერთიანი ოპოზიციური სია, თუმცა ერთ-ერთი პარტიის ძალისხმევის გამო ეს არ შედგა

მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება იყო ერთიანი ოპოზიციური სია, სადაც შევიდოდა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი და შეიქმნებოდა ერთიანი ფრონტის ხაზი, აღნიშნული შეთავაზება ძირითადად ერთი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით ეს არ შედგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობა, თუმცა ჩაიშალა.

„გუშინდელ ეთერში გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა კონკრეტულ შეთავაზებებზე, რომლებსაც მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. ჩემთვის ცხადია ის მარტივი ჭეშმარიტება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის საჯაროდაც საუბრობდა. აღნიშნული შეთავაზება შემდეგში მდგომარეობს – მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება იყო ერთიანი ოპოზიციური სია, სადაც შევიდოდა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი და შეიქმნებოდა ერთიანი ფრონტის ხაზი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ამ საარჩევნო პროცესში, მაგრამ სამწუხაროდ, აღნიშნული შეთავაზება ძირითადად ერთი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით არ შედგა. ჩვენ სხვა პარტიებთან ბლოკის შექმნით გავალთ ამ არჩევნებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ვრჩებით თანამშრომლობისთვის ღია ყველა ოპოზიციურ და ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე პარტიასთან, მას შემდეგ, რაც დაითვლება არჩევნების შედეგები“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნული მოლაპარაკებებისას შეთანხმება, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნებოდა, ხოლო დამარცხების შემთხვევაში, ასევე დარჩებოდა უმცირესობის ლიდერად და პრემიერობის კანდიდატზე მოხდებოდა შეთანხმება, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დეტალებში შესვლა არ სურს.

„არც მინდა ამ დეტალებში შესვლა, მაგრამ ერთი რამ მინდა, ცხადად ვთქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად იყო, დაეთმო ძალიან ბევრი რამ. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული თანამდებობებში, პორტფელებში, პოზიციებში, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრების ადგილებში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო და არის გამარჯვება“, – აღნიშნა ბოკუჩავა.

ამასთან, კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა „ევროპულ საქართველოს“ აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით, ბოკუჩავას შეფასებით, „ერთნიშნა რეიტინგისთვის განწირული პარტიებისთვის, რა თქმა უნდა, ინტერესი შეიძლება, ყოფილიყო ძალიან მაღალი“.

„იცით, რა? ერთნიშნა რეიტინგისთვის განწირული პარტიებისთვის, რა თქმა უნდა, ინტერესი შეიძლება ყოფილიყო ძალიან მაღალი და ეს ინტერესი უნდა ყოფილიყო მათი ხმების მაქსიმალიზაცია, ოპოზიციური ხმების მაქსიმალიზაციის ფონზე, რადგან ამ შემთხვევაში იქნებოდა ერთი საერთო ფრონტი და ისინიც პოზიციებს მეტად გაიმყარებდნენ, ვიდრე ამას შეძლებენ ინდივიდუალური პარტიის როლში ამ არჩევნებში“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.