თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა უპირველესად ემსახურება საზოგადოებრივად აქტიური, მაგრამ არა პარტიული პოლიტიკით დაკავებული ადამიანების წინასაარჩევნოდ გააქტიურებას
თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა უპირველესად ემსახურება საზოგადოებრივად აქტიური, მაგრამ არა პარტიული პოლიტიკით დაკავებული ადამიანების წინასაარჩევნოდ გააქტიურებას

მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პოლიტიკური აქტივობის კომიტეტის ინიციატივა იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არ არიან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „აღნიშნული ინიციატივა ემსახურება პროცესებში საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების ჩართვას მაშინ, როცა ქვეყანას 2024 წელს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები ელოდება“.

„შესაბამისად, კონკრეტულ პარტიებსა და პერსონალიებზე საუბარი სწორი არ არის, რადგან აღნიშნული ინიციატივა უპირველესად ემსახურება საზოგადოებრივად აქტიური, მაგრამ არა პარტიული პოლიტიკით დაკავებული ადამიანების წინასაარჩევნოდ გააქტიურებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ელექტორალური შესაძლებლობები ადეკვატურად და რეალურად აღიქვას და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ კონფიგურაციაზე, რასაც წინასაარჩევნოდ აირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების ნაწილი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა დაიკარგება. ბუნებრივია, ეს სახიფათოა და ხელის შეწყობა არის ივანიშვილისთვის, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ შესაძლებლობებს და პოტენციალს რეალისტურად შეხედოს და კოალიციასთან დაკავშირებით სწორედ აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა. „ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი“, – განაცხადა სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.