თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ უარი უთხრა საკუთარ მოსახლეობას და დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც კრიზისის განმუხტვას ელიან
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ უარი უთხრა საკუთარ მოსახლეობას და დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც კრიზისის განმუხტვას ელიან

ხელისუფლებამ უარი უთხრა საკუთარ მოსახლეობას და დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც კრიზისის განმუხტვას ელიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ამის გამო დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„ხელისუფლებამ უარი უთხრა გუშინდელ მოლაპარაკებას, რომლის მიმართაც საზოგადოებას ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ რაღაც კონკრეტულს და რაღაც პოზიტიურს მოიტანდა. ამით ხელისუფლებამ უარი უთხრა არა ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ოპოზიციას, არამედ – საკუთარ მოსახლეობას, რომელიც მოელის ამ კრიზისის განმუხტვას, ასევე ევროპას და ზოგადად, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომელთაც ასევე აქვთ კრიზისის დროულად განმუხტვის მოლოდინი. ბიძინა ივანიშვილმა ზურგი შეაქცია საკუთარ ხალხს და საერთაშორისო პარტნიორებს იმიტომ, რომ ვერ გათვალა, რამხელა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამ განგრძობადი კრიზისის ფონზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებას, ბოკუჩავას თქმით, ამით ალეკო ელისაშვილია დაკავებული.

კობახიძე-თალაკვაძე მუდმივად შეხვედრების დეტალების გათქმაზე საყვედურობს ხოლმე ოპოზიციას და როგორც ჩანს, რეალურად ფსევდო ოპოზიციას და ალეკო ელისაშვილს გულისხმობს. „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია იცავს კონფიდენციალურობის წესებს. ჩვენ მზად ვიყავით, განგვეხილა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი ინსტრუმენტები და მზად ვიყავით, რომ ეს შეთანხმება კონსესუსის საფუძველზე მისულიყო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო ღონისძიებებს დაგეგმავს.

„საგარეო ზეწოლასთან ერთად, რომელიც უახლოეს კვირებში მხოლოდ გაძლიერდება, მნიშვნელოვანია, ივანიშვილმა იგრძნოს საზოგადოების პროტესტი. ამიტომ ვიკრიბებით, რომ დავგეგმოთ უახლოესი რამდენიმე კვირა და ის საპროტესტო ღონისძიებები, რომელიც უნდა ჩატარდეს თბილისში სრული ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.