თინა ბოკუჩავა - იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის „გირჩს“ უწოდონ „გირჩი - ქართული ოცნება“, რადგან პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში“ შესვლის ტოლფასია
თინა ბოკუჩავა - იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის „გირჩს“ უწოდონ „გირჩი - ქართული ოცნება“, რადგან პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში“ შესვლის ტოლფასია

დარწმუნებული ვარ, არც ერთი რეალურად ოპოზიციური ძალა, რომელიც აქამდე პრინციპულად იცავდა საერთო პოზიციას, არ შეყვება „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ვაჭრობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„გრძელდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვაჭრობა. ამჯერად ისინი ცდილობენ, პატარა პარტიებთან გააჩაღონ ვაჭრობა ბარიერის გამოყენებით. მანამდე ვნახეთ, როგორ ვაჭრობდნენ ისინი ადამიანებით და ადამიანების თავისუფლებით, ტყვეებით პრაქტიკულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი რეალურად ოპოზიციური ძალა, რომელიც აქამდე პრინციპულად იცავდა იმ საერთო პოზიციას, რაც გააჩნია ოპოზიციას, არ შეყვება „ქართულ ოცნებას“ ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში, არ შევა პარლამენტში და ამით არ შევა თავად „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, „გირჩის“ ნაწილი შეიძლება, შევიდეს პარლამენტში.

„რამდენადაც ვიცი, „გირჩის“ გაყოფის შემდეგ, იმ ნაწილს, სადაც არის ზურა ჯაფარიძე, ჰქვია „გირჩი – მეტი თავისუფლება“, იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის „გირჩს“ უწოდონ „გირჩი – ქართული ოცნება“, რადგან რეალურად პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლა არის „ქართულ ოცნებაში“ შესვლის ტოლფასი“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბარიერის საკითხი არ არის პრინციპული, თუმცა ამ საკითხს მხარს უჭერდა.

„რაც შეეხება თავად ამ სისტემას, იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბარიერის საკითხი არ არის პრინციპული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენს პარტიას ბარიერის პრობლემა არ გააჩნია არ ერთ მოცემულობაში, იქნება ეს ეგრეთ წოდებული ბუნებრივი ბარიერი, ერთპროცენტიანი, სამპროცენტიანი თუ ხუთიანი. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი მოლაპარაკების პროცესში იმ თვალსაზრისით, რომ პატარა პარტიებისთვის იყო ეს მნიშვნელოვანი და პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიზნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასევე იცავდა ბარიერის დაწევის პოზიციას. თუმცა, ეს საკითხი უნდა განხილულიყო და ამაზე შეთანხმება უნდა მიღწეულიყო ფართო პოლიტიკური შეთანხმების პირობებში და არ უნდა მომხდარიყო მისი იზოლირება და მისი პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად გამოყენება. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს გზა აირჩია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. ახლა მთავარია, მათ არ ჩაყვნენ მეტი ადამიანები, ვიდრე ის, ვისზეც უკვე ცხადად ვიცით, რომ ამას აპირებენ ბოლო რამდენიმე კვირაა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას აცხადებს იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო. ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.