თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარია რაც უნდა ეცადოს, ამოეფაროს თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავს
თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარია რაც უნდა ეცადოს, ამოეფაროს თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავს

გიორგი გახარია თავმომწონედ პოზირებს, თითქოს დაავიწყდა, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად სამი თვე და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ერთ თეთრის დახმარებაც კი არ მიუღია.

„ჩემი აზრით, ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა უპასუხოთ. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტი შეხვდა დანაზოგით, რომ 10-დან შვიდი ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა. რატომ გათვალეთ თქვენი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა დაახლოებით მხოლოდ 10%-ზე, მაშინ როდესაც 90% უდიდესი ნაწილიც სიღარიბეშია. რატომ თქვით უარი ჩვენს კონკრეტულ შემოთავაზებაზე, რომ ხუთი ათასამდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ. რატომ არ გაეცით სამთავრობო განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, თუ ნორმალურად მიგაჩნიათ ის, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი ღარიბაშვილი ასიათასობით ლარს ძვირადღირებულ საათებში ხარჯავს და გომელაური ორ მილიონ ლარზე მეტს ავეჯში. ასევე კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში ხარჯავს 600 ათას ლარს. გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებსაც ვერ იღებენ. თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს. თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახელში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც უნდა ეცადოთ დღეს, ბატონო გახარია, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენი მიიწეროთ ქულები, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.