თინა ბოკუჩავა - გაუგებარია, პრეზიდენტი რატომ არ აწერს ხელს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, არ მესმის, რატომ ხდება ამის გაურკვეველი ვადით გაწელვა
თინა ბოკუჩავა - გაუგებარია, პრეზიდენტი რატომ არ აწერს ხელს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, არ მესმის, რატომ ხდება ამის გაურკვეველი ვადით გაწელვა

ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ არ აწერს ხელს პრეზიდენტი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას საჯაროდ უკვე დაფიქსირებული აქვს სწორი პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა რუს ჯაშუშ ოთარ ფარცხალაძეს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს.

„არ მესმის, რატომ ხდება ამის გაურკვეველი ვადით და თუნდაც რამდენიმე საათით გაწელვა. იმედი მაქვს, დროულად მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ხაზგასასმელია, რომ იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტს ხელმოსაწერად მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ოთარ ფარცხალაძეს, რუს ჯაშუშს მიეცა საშუალება, მთელი მისი ქონება, იქნებოდა ეს ეკლესია, რომელმაც გარკვეული გაკვირვება გამოიწვია საზოგადიებაში, თუ მრავალი კომერციული ფართი თბილისის ცენტრში, თავის შვილს გადასცა. შესაბამისად, უკვე სანქციებს ეფექტურად აარიდა თავი ივანიშვილის სახელმწიფო უწყებების გამოყენებით. სანქციების მთელი არსი სწორედ ის არის, რომ მას მანევრირების საშუალება შეეზღუდოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ გვერდზე 19 სექტემბერს დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს. ამასთან, 20 სექტემბერს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნა. აქამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე სალომე ზურაბიშვილმა შეუწყვიტა თუ არა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა.