თინა ბოკუჩავა - გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს იმპიჩმენტის საკითხზე, რაც სრულიად უსაფუძვლოა
თინა ბოკუჩავა - გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს იმპიჩმენტის საკითხზე, რაც სრულიად უსაფუძვლოა

გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს, რაც სრულიად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დიპლომატიური ვიქნები ბინძური პროპაგანდის კომენტირებისას. ოპოზიციაში ურთიერთდაპირისპირება პროდუქტიული არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ვინც ოპოზიციაში საკუთარ თავს პროევროპულად მიიჩნევს, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ისმოდეს კაკაფონია და ურთიერთთავდასხმა, არამედ ერთიანი ფრონტის შთაბეჭდილება უნდა რჩებოდეთ ევროპელ პარტნიორებს და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, დიპლომატიური ვიქნები და გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ამგვარ ბინძურ სპეკულაციებს, რას სრულიად უსაფუძვლოა. იმისათვის, რომ ასეთი სპეკულაციები არ იყოს, ჩვენ საერთოდ ვტოვებთ დარბაზს. სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა: „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადონ. ხალხო, თქვენ გგონიათ, „ნაცებს“ და „ოცნებას“ ერთმანეთში ცოტა სავაჭრო აქვთ?“