თინა ბოკუჩავა - „ენდიაის“ კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვით, ხალხს ამგვარი კომუნიკაციის მიმართ დიდი უნდობლობა აქვს
თინა ბოკუჩავა - „ენდიაის“ კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვით, ხალხს ამგვარი კომუნიკაციის მიმართ დიდი უნდობლობა აქვს

ენდიაის“ კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვით, ხალხს ამგვარი კომუნიკაციის მიმართ დიდი უნდობლობა აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „ენდიაის“ კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვალიდურობის თვალსაზრისით, სატელეფონო გამოკითხვას პრობლემები აქვს, ვინაიდან ფარული მიყურადების გამო, ხალხი გამოკითხვის ამ ფორმას არ ენდობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ენდიაის“ კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვით, რაც მეტყველებს, სამწუხაროდ, იმაზე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არათავისუფალ გარემოში, სადაც ადამიანები ერიდებიან პირდაპირ პასუხების გაცემას. ქვეყანაში, სადაც მიყურადება მასიურად ხდება, ხალხს ამგვარი კომუნიკაციის მიმართ დიდი უნდობლობა აქვს. ამიტომ, ვალიდურობის თვალსაზრისით, პირისპირ ინტერვიუებთან მიმართებით, სატელეფონო გამოკითხვას აქვს ეს პრობლემა. თავად „ენდიაისმხირდანაც მოხდა ამის განმარტება.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, მიუხედავად სატელეფონო გამოკითხვისა, დეკემბერთან შედარებით, მაინც შემცირებულია. ძალიან მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც არც ერთ პარტიას არ ასახელებს.

რაც შეეხება თემებს, იქ მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას აღელვებს ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმება, სიდუხჭირე და, სამწუხაროდ, ეს არის ის რეალობა, რაშიც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ. ამიტომ დროზე უნდა დაიძლიოს ეს კრიზისი, რათ მივხედოთ ამ პრობლემებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ

რაც შეეხება „ენდიაის“ კვლევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მიუხედავად გაყალბებისა, არჩევნების შედეგებთან მიმართებით, ეს რიცხვები შეუსაბამოა.

„ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ძალიან მაღალია რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც უარს ამბობენ პასუხზე ან არც ერთ პარტიას არ ასახელებენ. ამის მიზეზი არის ავტორიტარული ტენდენციების ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანებს ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 7 პროცენტი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიებს ჯამში 7 პროცენტი აქვთ.