თინა ბოკუჩავა - დროა, ხელისუფლებამ პარტნიორების გზავნილები სერიოზულად მიიღოს და ქვეყანას არ წაართვას დახმარების მიღების შესაძლებლობა
თინა ბოკუჩავა - დროა, ხელისუფლებამ პარტნიორების გზავნილები სერიოზულად მიიღოს და ქვეყანას არ წაართვას დახმარების მიღების შესაძლებლობა

დროა, ხელისუფლებამ პარტნიორების გზავნილები სერიოზულად მიიღოს და ქვეყანას არ წაართვას დახმარების მიღების შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე.

„საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის მხარდაჭერა გაგრძელდეს, რომელსაც საქართველო მრავალი წლის განმავლობაში იღებს, თუმცა ასევე გვახსოვს ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ არ შეჩერდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და მართლმსაჯულების სისტემაში არ განხორციელდება ძირეული რეფორმა, შესაძლოა, ეს ფინანსური დახმარება საქართველოსთვის შეჩერდეს. დროა, ხელისუფლებამ ასეთი გზავნილები სერიოზულად მიიღოს და ხალხს არ წაართვას შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ დახმარება მიიღოს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება თითოეულ თეთრს მიმართავდეს მოქალაქეების საჭიროებებზე, პანდემიის დროს კორუფციაში იყო ჩაფლული და მაღალი თანამდებობის პირები ხალხის ჯიბეებიდან ფულს იპარავდნენ. ეს არის მავნებლობა, უპასუხისმგებლობა და ქვეყნის მტრობა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.