თინა ბოკუჩავა - დაპირისპირება, ქაოსი ქვეყნისთვის სახიფათოა, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ
თინა ბოკუჩავა - დაპირისპირება, ქაოსი ქვეყნისთვის სახიფათოა, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ

პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ძალადობას ახალისებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს მოუწოდებენ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უმკაცრესი რეაგირება ჰქონდეთ.

„ვხედავთ, რომ განლაგებული არის აგრესიულად განწყობილი და რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავს ესხმის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს, ოპერატორებს, „სირცხვილიას“ წევრებს და ძალადობრივად „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. ისინი ასევე ისვრიან საგნებს პარლამენტის შენობის მისამართით. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას და მათ მოუწოდებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ. ირაკლი ღარიბაშვილმა იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაზიანდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები, მოქალაქეები და ადამიანის უფლებები იყოს დაცული, პრაიდის ორგანიზება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს დააბრალა. მან ამით ძალადობას პირდაპირ გზა გაუხსნა. დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს, რომელთაც ადარდებთ ამ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი არის ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.