თინა ბოკუჩავა - ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა შეთავაზებაა საკაშვილის მიმართ პენიტენციური სამსახურის მხრიდან, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე არ მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა
თინა ბოკუჩავა - ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა შეთავაზებაა საკაშვილის მიმართ პენიტენციური სამსახურის მხრიდან, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე არ მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მათთვის ცნობილი არ არის, რა შეთავაზებაა გაკეთებული მიხეილ საკაშვილის მიმართ პენიტენციური სამსახურის მხრიდან.

ბოკუჩავას თქმით, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე არ მოხდა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა.

„მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, არ ვიცი, საერთოდ რამდენად დაექვემდებარება რეაბილიტაციას. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილი იყო არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის მსხვერპლი, რამაც განაპირობა პოსტტრავმული სტრესი, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა და ამაზე საუბრობს სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო ჯგუფი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, გასაგებია მისი მზაობა, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი სამედიცინო დახმარება მიიღოს.

„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მას უნდა მიეცეს მნახველებთან შეხვედრის შესაძლებლობა, ეს იქნება ოჯახის წევრებთან შეხვედრები, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ადვოკატები, დეპუტატები. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ამ აკრძალვას ხელისუფლება იმ პირობად არ დააწესებს, რომ მისი გადაყვანა მოხდეს კლინიკაში. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ნუ დაუმძიმებენ მდგომარეობას იმით, რომ შეუზღუდონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. ხელისუფლებას მივმართავთ, გადაყვანა მოხდეს, მაგრამ კომუნიკაციას ნუ შეუზღუდავენ“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა.