თინა ბოკუჩავა - ჩვენს დროს ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ
თინა ბოკუჩავა - ჩვენს დროს ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო, ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას არ იმსახურებენ.

თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, ჯალათი უწოდა.

„მე იცით რას ვთვლი, ბატონო გახარია? თქვენ ამით დაასრულეთ თქვენი სიტყვა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, აი, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი, ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი.

აი, ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ, ბატონო გახარია, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს იმ მისამღერს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს“,- განაცხადა ბოკუჩავამ და ქვეყანაში სიღარიბეზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერ-მინისტრი, თუ მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში, ბატონო პრემიერო. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის, ბატონო გიორგი, ისევე როგორც თქვენი მინისტრები პაიკებად გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის.

აი, ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და, როდესაც ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობთ, ბატონო გიორგი, და ჩვენს მმართველობაზე, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროს, დიახ, 8 პროცენტამდე იყო ეკონომიკური ზრდა. ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4 პროცენტამდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ, სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. ამიტომ ხდება ეს, გადახედეთ თქვენს ქონებას. სოციალურად დაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები, მილიონრებად მიდიან მთავრობიდან. შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, თქვენს მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ, თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალქეებს, ნახავთ განსხვავებას. შემდეგ აღარ დაგვიმტკიცებთ, ბატონო გიორგი, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს მაშინ, როცა მოსახლეობის 69 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში. ეს არის რეალურად სიმართლე.

თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ, ბატონო გიორგი, ასევე გამახსენა შევარდნაძის დრო, როდესაც იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდათ ზოგ ზოგიერთს კორუფცია, რომ ამას რაღაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდენენ. ეს გვითხარით გუშინ სწორედ, რომ ის, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, პატიმრობით 3-დან 9 წლამდე, თქვენ ქართულ ჯიგრულ პონტად დაახასიათეთ. ქართულ ჯიგრული პონტია ალბათ ისიც, რომ ტენდერებს ყოველთვის როგორღაც სწორედ ის ჯიგრები იგებენ, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში.