თინა ბოკუჩავა - ჩვენი მთავარი სამოქმედო გეგმა არის, რომ ნებისმიერი სისტემით მოვიგოთ
აქციებს, პროტესტს განვიხილავთ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია მოვახდინოთ, ჩვენი მთავარი სამოქმედო გეგმა არის, რომ ნებისმიერი სისტემით მოვიგოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების დღევანდელი შეკრების შემდეგ განაცხადა.
„4 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება დიდი აქცია თბილისში, რუსთაველზე. შესაძლებელია, ასევე გავიდეთ რეგიონებში, რომ მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს 4 აპრილის აქციამდე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაზეც.
„აშშ-ის საელჩოს განცხადება ამბობს, რომ გიგი უგულავას დაჭერის დრო და კონტექსტი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა მოლაპარაკების გაგრძელებას, პირდაპირ აკისრებს პასუხისმგებლობას ივანიშვილის რეჟიმს, რომ შეწყდა მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ივანიშვილმა ააყირავა მაგიდა, რადგან ვერავინ დაჯდება ამ მაგიდასთან. არავის ექნებოდა ამის არც მორალური უფლება და არც სურვილი მას შემდეგ, რაც ასე უსამართლოდ, სრულიად აბსურდული საქმით, უკვე მოხდილ სასჯელზე შეაბრუნა მესამედ ციხეში ივანიშვილის რეჟიმმა გიგი უგულავა. თუმცა, ეს ისევ და ისევ ივანიშვილისთვის არის ყველაზე სახიფათო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.