თინა ბოკუჩავა - აშშ-ში მივიღეთ დაპირება, რომ ბევრი გრძელვადიანი დამკვირვებელი იქნება, რაც თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობას მოგვცემს, ეს გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას
თინა ბოკუჩავა - აშშ-ში მივიღეთ დაპირება, რომ ბევრი გრძელვადიანი დამკვირვებელი იქნება, რაც თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობას მოგვცემს, ეს გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას

აშშ-ში შეხვედრებზე მივიღეთ დაპირება, რომ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და აისახოს ხალხის ნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ეს აუცილებლად გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

„კონგრესში შეხვედრებზე, იქნებოდა ეს წარმომადგენლობით პალატაში თუ სენატში, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი დონის დელეგაციები საქართველოში ამ არჩევნების წინ, რამდენად მნიშვნელოვანია რეზოლუციები და ასევე მოსმენები. ჩვენი იქ ყოფნის დროს სწორედ ასეთი მოსმენა ჩატარდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომელიც შეეხებოდა შავ ზღვაში უსაფრთხოებას. ეს წარმოადგენს რეალური მშვიდობის ფორმულას და რეალური მშვიდობის შანსს საქართველოსთვის. ეს არის ის რეალური სტაბილურობა, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება უნდა მუშაობდეს, თუმცა ვხედავთ, რომ არაფერს აკეთებს, რათა დასავლეთმა ამ ფართო სურათში დაინახოს საქართველოს როლი და ის რეალური უსაფრთხოების შესაძლებლობები, რაც არის ამ ფორმატში.

ვისაუბრეთ ასევე იმ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ არჩევნებზე, რომელიც უნდა შედგეს მომავალ ოქტომბერს. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ ამ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გეოპოლიტიკურ ჭრილში უყურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და, მათ შორის, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, იქნება უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში. მათ შორის, გვქონდა შეხვედრები იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც, როგორც წესი, არიან ორგანიზატორები მსგავსი სადამკვირვებლო მისიების – IRI, NDI, USAID-ი. მივიღეთ დაპირება, რომ აუცილებლად ძალიან ბევრი გრძელვადიანი დამკვირვებელი იქნება საქართველოში. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და აისახოს ხალხის ნება. ეს აუცილებლად გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და განვიხილოთ ის კონკრეტული სიკეთეები, რაც ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამერიკაში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, პარტიის საგარეო ურთიერთობების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე-კრევო ასათიანმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.