თინა ბოკუჩავა - ამ შემადგენლობით და რეგლამენტის ახლანდელი რეგულაციებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სრული ფარსი
თინა ბოკუჩავა - ამ შემადგენლობით და რეგლამენტის ახლანდელი რეგულაციებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სრული ფარსი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი, ისევე როგორც საგამოძიებო კომისია, იქნება სრული ფარსი, რადგან ვერ შეძლებს, რეალურად შეცვალოს ის ფუნდამენტური ხარვეზები და პრობლემები, რაც თან ახლავს არჩევნებს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„საგამოძიებო კომისიის შექმნას ექნებოდა აზრი იმ შემთხვევაში, თუ მისი დასკვნა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ავტომატურად გახდებოდა ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. ამ შემადგენლობით და რეგლამენტის ახლანდელი რეგულაციებით, აღნიშნული კომისიის შექმნა, რომლის დასკვნაც იქნება პლენარული სხდომის კენჭისყრის ტყვეობაში, არის სრული ფარსი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი ჯგუფი გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავადვე იძიებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფს, თინა ბოკუჩავას თქმით, ის ვერ შეძლებს, რეალურად აღმოფხვრას არჩევნებთან დაკავშირებული ფუნდამენტური ხარვეზები.

„აღნიშნული ჯგუფი, ისევე როგორც საგამოძიებო კომისია, იქნება სრული ფარსი, რადგან ის ვერ შეძლებს, რეალურად შეცვალოს ის ფუნდამენტური ხარვეზები და პრობლემები, რაც თან ახლავს არჩევნებს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რომელიც ვიხილეთ მთელმა საზოგადოებამ 31 ოქტომბრის არჩევნებში, რომელიც ივანიშვილმა მოიპარა. მნიშვნელოვანი იყო, ყოფილიყო პოლიტიკური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ოპოზიცია შეძლებდა პარლამენტში შესვლას, სადაც იქნებოდა კონკრეტული თარიღი ვადამდელი არჩევნებისთვის და ასევე კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა ის ვადამდელი არჩევნები მართლაც თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს, თინა ბოკუჩავას თქმით, რთულია პროგნოზირება, შედგება თუ არა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი.

„აქ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, გაიაზრებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ პირადად მას აკისრია პასუხისმგებლობა ქვეყნის ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის, რადგან მან მოიპარა 31 ოქტომბრის არჩევნები. ამას თუ გააცნობიერებენ, ბუნებრივია, აზრი ექნება მეხუთე რაუნდის ჩატარებას და ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ფასილიტატორი ელჩებიც იქნებიან მზად, რომ ამგვარ მოლაპარაკებაზე მიგვიწვიონ. სხვაგვარად, იმის გაცნობიერების გარეშე, რომ ოპოზიციის მოთხოვნები არის ლეგიტიმური, ბუნებრივია, შეხვედრას შეხვედრისთვის არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების შეხვედრას, თინა ბოკუჩავას თქმით, აუცილებელია, ოპოზიციის წარმომადგენლები დროულად შეიკრიბონ, რათა დაიგეგმოს ოპოზიციის მწყობრი გეგმა.

„მესმის, რომ ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი ოპოზიციის მიმართ და მეც აბსოლუტურად ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ოპოზიციას აკისრია, რომ დროულად გავაცნოთ საზოგადოებას მწყობრი გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ოპოზიცია. ვფიქრობ, აუცილებელია, ოპოზიცია დროულად შეიკრიბოს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის, რომ ამ კვირაში ამგვარი შეხვედრა შედგეს, რათა დაიგეგმოს ოპოზიციის მწყობრი გეგმა, რომელსაც შემდეგ გავაცნობთ საზოგადოებას, მათ შორის, პროტესტთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.