თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას პირადობის მოწმობებით არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მისცემს
ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ მუშაობას გეგმავს, რათა ბიძინა ივანიშვილს პირადობის მოწმობების საშუალებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ მისცეს. ჟურნალისტებთან საუბარში თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს.
„ხელისუფლება პირადობის მოწმობებს წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებდა, ადამიანებზე ზემოქმედებას ახორციელებდა და მათ აიძულებდა, პირადობის მოწმობები წინმსწრებად ჩაებარებინათ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს, რისი მოლოდინიც მაქვს, თეა წულუკიანს ხელი გაეხსნება, რომ წინასაარჩევნოდ ქაღალდის, არაელექტრონული პირადობის მოწმობები უფრო აქტიურად გამოიყენოს. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ ადამიანების არჩევანის რაიმე ფართომასშტაბიან მანიპულაციას არ მოახდენს, მას ძალაუფლების შენარჩუნების არანაირი შანსი არ ექნება. ვაპირებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად ვიმუშაოთ, რათა ივანიშვილს გაყალბების ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა არ მივცეთ, რომელსაც წულუკიანი აამუშავებს და რომელიც, გაყალბების სხვადასხვა სქემაში მანამდეც აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა ბოკუჩავამ.