თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასკვნით კონსულტაციებს მართავენ
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასკვნით კონსულტაციებს მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლები ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასკვნით კონსულტაციებს მართავენ.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საუბარი შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მათთვის შეთავაზებულ დოკუმენტს.

„ჩემი კოლეგები უკვე საათზე მეტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან იმისთვის არიან შესული, რომ გაიარონ კონსულტაციები, რა იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მისაღები ფორმა, მისი გათავისუფლების საკითხის ირგვლივ. უმთავრესად, იმისთვის, რომ პარტიისთვის შესაძლებელი გახდეს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გვინდა, ამ დოკუმენტზე ხელმოწერები იყოს, მათ შორის, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ პრინციპული პოზიციების დაცვით, რაც აქამდე გვქონდა. სწორედ ამ დეტალებზე მიდის ახლა საუბარი.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არის ნიკა მელია, რომელიც აირჩიეს ჩვენმა მხარდამჭერებმა. მას აქვს ძალიან დიდი ნდობის მანდატი, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ აქამდე მოვსულიყავით. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და ამ პოზიციის ყველა დეტალი, ვიდრე პარტია შეძლებს, საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება. გვესმის ამ დოკუმენტის მნიშვნელობა. მას გააჩნია პოზიტიური და უარყოფითი მხარეები. საბოლოო ჯამში, პოზიტიურ მხარეებს შეუძლია, რომ გადაწონოს უარყოფითი მხარეები და ეს დოკუმენტი გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესში და ამით ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მივესალმებით. როგორც არაერთხელ, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე კარგად ხვდება, რა არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესი კონკრეტულ მომენტში. მიხეილ სააკაშვილთან პირადად საუბრის საშუალებაც გვქონდა გუშინდელი პოლიტსაბჭოს მიმდინარეობის დროს და მინდა, გითხრათ, ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ მისთვისაც პრინციპულად და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ის, თუ რა აზრზე არის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. ამ მიზნით იმყოფებიან ჩემი კოლეგები აქ. შეიძლება, იყოს ერთგვარად დასკვნითი კონსულტაცია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.