თინა ბოკუჩავა – 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ოპოზიციის ერთობისა და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე გამარჯვებისთვის
ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ოპოზიციის ერთობისთვის და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, დღეს ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება, თუმცა საქართველო აუცილებლად დაბრუნდება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც მნიშვნელოვანია, „მოქალაქეებმა გააკეთონ არჩევანი რუსულ ოცნებასა და პროდასავლურ ოპოზიციას შორის“.
„დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ რეფერენდუმზე 43 პროცენტს ვერ აიღებს და ამით დასრულდება ამ ქვეყანაში ივანიშვილის მმართველობა, რომელიც უკვე ცალსახად მიაქანებს ქვეყანას რუსეთისკენ, ღიად ზურგი აქცია საქართველოს ევროპულ არჩევანს, რომელიც არა მხოლოდ პრაგმატული და საქართველოს მოქალაქის დღევანდელი არჩევანია, არამედ არის ისტორიული არჩევანი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოს ამ ისტორიულ, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ არჩევანის გაცნობიერებით მივიდეს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე და გააკეთოს არჩევანი რუსულ ოცნებასა და პროდასავლურ ოპოზიციას შორის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა.