თინა ბოკუჩავა - მოლაპარაკების საბოლოო შედეგი განსაზღვრავს, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი, ოპოზიცია ერთიანია იმაში, რომ არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება
თინა ბოკუჩავა - მოლაპარაკების საბოლოო შედეგი განსაზღვრავს, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი, ოპოზიცია ერთიანია იმაში, რომ არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება

მოლაპარაკების საბოლოო შედეგი განსაზღვრავს, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი, ოპოზიცია ერთიანია იმაში, რომ არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება, –  ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ პარლამენტში შევიდნენ.

ბოკუჩავას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა

„ოპოზიცია ჩართულია „ქართული ოცნების“ წარმოამდგენლებთან მოლაპარაკებებში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ფასილიტაციით. ამ მოლაპარაკების საბოლოო შედეგი განსაზღვრავს, როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება. ოპოზიციას ძალიან კარგად ესმის, რომ აშშ-ის და ზოგადად, ჩვენი პარტნიორების სურვილი და მოლოდინი ნამდვილად არის, რომ ამ ქვეყანაში მუშაობდეს სამართლებრივი პროცესი, რომ ამ სამართლებრივ პროცესს რაიმე შედეგი მოჰქონდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ვიხილეთ მათ შორის მაშინ, როდესაც საოლქო კომისიებმა პრაქტიკულად, უკუაგდეს ყველა საჩივარი და იგივე განმეორდა სასამართლოში.

საქმე გვაქვს მიტაცებულ სახელმწიფოსთან, სადაც სამართლებრივი პროცესები არ ფუნქციონირებს. მოლაპარაკების საბოლოო შედეგი განსაზღვრავს იმას, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ოპოზიცია ერთიანია თავის პოზიციაში, რომ ამ არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება. ეს არის დაუშვებელი. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი მოპარა. ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება და პოიტიკური კრიზისის განმუხტვა დამოკიდებულია სწორედ მოლაპარაკებების პროცესზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.