ტიმურ მინდიჩის კორუფციული სქემის საქმეზე რუსტემ უმეროვი ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოწმის სახით დაკითხა
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოწმის სახით დაკითხა ტიმურ მინდიჩის მიერ ორგანიზებული კორუფციული სქემის საქმეზე. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ოფისში განუცხადეს.
საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, უმეროვმა გამომძიებლების კითხვებს 25 ნოემბერს უპასუხა.
„რუსტემ უმეროვი ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში მოწმის სახით დაიბარეს, რათა ჩვენება მიეცა სახელმწიფო მოხელის საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. საუბარი კონსტრუქციული იყო. რუსტემ უმეროვმა საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში გამომძიებლების ყველა კითხვას უპასუხა“, – განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ კორუფციულ სქემას, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აღნიშნავენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. საუბარში რამდენიმე მაღალჩინოსანი ფიგურირებს.