Times - რუსი ჰაკერები დიდი ბრიტანეთის პრემიერის არჩევნებში ერეოდნენ
Times - რუსი ჰაკერები დიდი ბრიტანეთის პრემიერის არჩევნებში ერეოდნენ

ბრიტანული Times-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსი ჰაკერები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნებში ერეოდნენ. საუბარია 6,5 ათას რუსულ ყალბ ანგარიშზე Twitter-ში, რომელთა უმეტესობაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის პოსტზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯეიმს კორბინის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

როგორც ირკვევა, ამ ანგარიშებით სოციალურ ქსელებში კორბინის მხარდამჭერი და ტერეზა მეის საწინააღდმეგო გზავნილები ვრცელდებოდა. აღნიშნული ანგარიშების უმეტესობა 2017 წლის აპრილშია დარეგისტრირებული, მათი 80% დიდი ბრიტანეთის პრემიერის არჩევნებამდე სამი თვით ადრე გააქტიურდა.
Times-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ Twitter-ით ჯეიმს კორბინის მხარდამჭერი კამპანია „ფენომენალური“ იყო, ხოლო რუსული ჰაკერები დაეხმარნენ კორბინს „მანჩესტერის არენაზე მომხდარი აფეთქება საარჩევნო კამპანიის ნაწილად ექცია“.

კერძოდ, ყალბი ანგარიშებით ვრცელდებოდა ტერეზა მეის კრიტიკა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ბრიტანეთში პოლიციელების რაოდენობა შეამცირა.

ჟურნალისტების ცნობით, ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, რომ რუსეთი დიდი ბრიტანეთის არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. როგორც სოუნსის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, ეს „აისბერგის წვერია“ და Twitter-ის ადმინისტრაციამ უნდა გამოიძიოს ეს შემთხვევები.

შეგახსენებთ, მანამდე რუსეთს აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დასდეს ბრალი. დადგენილია, რომ „დემოკრატიული პარტიის“ კომპიუტერებიდან ინფორმაციის მოპარვაში რუსი ჰაკერები იყვნენ გარეულები.