თიკო რევაზიშვილი - არ გაიკეთო ღვედი, არ უყურო სიჩქარის მაჩვენებელს - ამის გამოა, ევროპის ქვეყნებში ავარიების რიცხვით თითქმის პირველი რომ ვართ
თიკო რევაზიშვილი - არ გაიკეთო ღვედი, არ უყურო სიჩქარის მაჩვენებელს - ამის გამოა, ევროპის ქვეყნებში ავარიების რიცხვით თითქმის პირველი რომ ვართ

საქართველოში ასეა – კანონი იმიტომ არის, რომ დაარღვიო და სწორედ ამ ტენდენციის შედეგია ის სტატისტიკა, რაც ავარიების კუთხით გვაქვს, – ამის შესახებ პარაოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორმა, თიკო რევაზიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ გაიკეთო ღვედი, არ უყურო სიჩქარის მაჩვენებელს, გადააჭარბო სიჩქარეს და ა.შ, აი, ამის გამო მივდივართ იმ შედეგამდე, რაც გვაქვს, რომ ევროპის ქვეყნებში ავარიების რიცხვით თითქმის პირველი ვართ“, – განაცხადა რევაზიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერება ნულის ტოლია.

„ხშირად მესმის – მე ეს არ დამემართება, ჩემზე დარეკილია (ვითომ ხუმრობით) და ა.შ. მძღოლების ცნობიერება ძალიან დაბალია, მაგრამ პასუხისმგებლობა ფეხით მოსიარულეებსაც რომ ექნებათ, ეს ტანდემი შედეგს მოგვცემს“, – განაცხადა რევაზიშვილმა.

რევაზიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნასვამ მძღოლებთან მიმართებაში სანქციები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს.

ნასვამ მძღოლს, რომელსაც მართვის უფლებას ჩამოართმევენ, პერიოდი არ უნდა დავუტოვოთ, რომ ექვსი თვის შემდეგ გადაიხადოს გარკვეული თანხა, შევიწყალოთ და მართვის მოწმობა დავუბრუნოთ. ამ მიმართულებით სანქციები უფრო უნდა გამკაცრდეს“, – განაცხადა რევაზიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მივაღწიოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, თიკო რევაზიშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის აუცილებელია, სწავლება სკოლამდელი ასაკიდან დაიწყოს.

„ძალიან კარგია, რომ თბილისის თუნდაც, ერთ საბავშვო ბაღში დაინერგა სწავლების მეთოდი, თუ როგორ უნდა მოხდეს მანქანით უსაფრთხო გადაადგილება. ამით მხოლოდ ბავშვები კი არ სწავლობენ, მათი მშობლებიც ძალიან დიდ ინფორმაციას იგებენ“, – განაცხადა თიკო რევაზიშვილმა.

თიკო რევაზიშვილმა საკუთარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებაც ისაუბრა, რამაც ის ეტლს მიაჯაჭვა.

„2009 წელი იყო, როცა ჩემი ავარია მოხდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა უსაფრთხო გადაადგილების მიმართულებით ქვეყანაში ახალი ნაბიჯი, „გაიკეთე ღვედი“ გადაიდგა. მე სწორედ ღვედი არ მეკეთა და ამის გამო მოხდა ის ავარია, რომელიც არ მახსოვს, რადგან ათი წელია გასული. ღვედი არ მეკეთა, ნაწვიმარი იყო, მანქანა მოცურდა და ზურგის ტვინის დაზიანება მივიღე. ეს შემთხვევა ჩემი მეგობრებისთვის ნამდვილად არის მაგალითი“, – განაცხადა თიკო რევაზიშვილმა.

მისივე თქმით, ჯარიმა უნდა არსებობდეს არა მხოლოდ წინ მჯდომი მგზავრისთვის, არამედ ყველასთვის, რადგან ავტომობილს ოთხი ღვედი იმიტომ აქვს, რომ ის ყველას ეკეთოს.