„ტიკ ტოკი“ ამერიკელ მომხმარებლებს ატყობინებს, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად აპლიკაცია აშშ-ში ბრუნდება
„ტიკ ტოკი“ ამერიკელ მომხმარებლებს ატყობინებს, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად აპლიკაცია აშშ-ში ბრუნდება

აშშ-ში „ტიკ ტოკი“ ბრუნდება. როგორც „სიენენი“ წერს, თითქმის 12 საათის შემდეგ, რაც „ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა, აპლიკაცია 170  მილიონი მომხმარებელისთვის ისევ ხელმისაწვდომი ხდება. „ტიკ ტოკზე“ შესულ ამერიკელ მომხმარებლებს კი ხვდებათ შეტყობინება, რომ ის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა.

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. მადლობა მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით, „ტიკ ტოკი“ ამერიკაში დაბრუნდა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

19 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ გამოსცემს ბრძანებას, რათა გადაავადოს „ტიკ ტოკის“ შესახებ კანონის აღსრულება. განცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის მომხმარებლებისთვის „ტიკ ტოკის“ აპლიკაციასა და ვებგვერდზე წვდომა აღდგა.

ტიკ ტოკის“ მფლობელი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპლიკაციის გადარჩენის შესახებ ტრამპის დაპირება საშუალებას აძლევს მათ, აღადგინონ აშშ-ის მომხმარებლების წვდომა მოსალოდნელი აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერამდეც კი.

„ჩვენი სერვისის მომწოდებლებთან შეთანხმებით, „ტიკ ტოკი“ ახორციელებს მომსახურების აღდგენის პროცესს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიაში ასევე მადლობას უხდიან ტრამპს და აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ ტრამპთან ისეთი გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომლითაც შეძლებენ „ტიკ ტოკის“ ამერიკაში შენარჩუნებას.

ტიკ ტოკის“ გარდა, გაუქმდა და აღარ იყო ხელმისაწვდომი​ ByteDance-ის სხვა აპლიკაციებიც, მათ შორის, ვიდეოს დამუშავების აპლიკაცია Capcut-ი და სოციალური აპლიკაცია Lemon8.

ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, „ტიკ ტოკი“ ან გაყიდოს, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას.