ტიერი ანრი „ოქროს ბურთს“ კილიან მბაპეს გადასცემდა #1TVSPORT

10:24, 13.09.2026

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ტიერი ანრიმ აღიარა, თუ ვის გადასცემდა წელს „ოქროს ბურთს“.

„ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც გასულ წელს. მაშინ აშკარა იყო, რომ საუკეთესო უსმან დემბელე გახდებოდა. წელს ყველაფერი ცოტა უფრო რთულადაა.

ჰარი კეინი… გასულ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე მაიკლ ოლისე გახლდათ. ინგლისელებს რომ ჰკითხოთ, მათ ნაკრებში ვინ იყო საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატზე, ისინი ჯუდ ბელინგემს დაასახელებენ. ამასთან, თუ ბელინგემზე ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ მისი სეზონი „რეალში“ მაინცდამაინც წარმატებული არ ყოფილა.

შემდეგ მოდის როდრი – ის დიდებული იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. თუმცა სეზონის განმავლობაში მას ბევრი არ უთამაშია. ლამინ იამალმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი კარგად ვერ წარმოაჩინა, რადგან ტრავმირებული ჩავიდა.

გადავიდეთ ერლინგ ჰალანდზე. როგორ შეიძლება, არ დაინახო ის, რომ ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია გატანა. თუმცა, ვფიქრობ, ის ჩამოუვარდება ზოგიერთს, ვინც უკვე ვახსენე. კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე არ მონაწილეობდა. ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოეგო, „ოქროს ბურთსაც“ მიიღებდა და მსოფლიო თასსაც. თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ამრიგად, გვრჩება მაიკლ ოლისე, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემს ფავორიტთან – კილიან მბაპესთან. ხალხი იტყვის, რომ კილიანს არაფერი მოუგია… თუმცა ჩვენ ვხედავთ, რას მიაღწია მან ინდივიდუალურ დონეზე: გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ოლისეს იგივე სიტუაცია აქვს საგოლე გადაცემების მხრივ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.

ხოლო თუ დავფიქრდებით იმაზე, თუ რამდენი გოლი გაიტანა მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე, ეს ძალიან შთამბეჭდავია. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ბევრი ღირსეული კანდიდატია, თუმცა პირადად მე კილიანს ავირჩევდი. ოლისეც ახლოსაა“, – განაცხადა ანრიმ CBS Sports-ის ეთერში.

მსგავსი