ტიერი ანრი კალენდარზე – დავიღალე, ეს უკვე მეტისმეტია #1TVSPORT

18:29, 26.09.2025

ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ გადატვირთული კალენდრის გამო, დაიღალა ფეხბურთის ყურებით.

„მე ვყოფილვარ ამგვარ სიტუაციაში, თუმცა, შესაძლოა, ასეთი რაოდენობის მატჩების ჩატარება არ მიწევდა. ტურნირებზე მკვდარი ჩავდიოდი – მორალურად და ფიზიკურად. 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმით ჩავედი. 2004 წელს ევროზე იგივე მოხდა, 2008 წლის ევროზეც ტრავმით გავემგზავრე. მე იქ უბრალოდ სათამაშოდ მივდიოდი. მომზადების საშუალება არ მქონია. ჩვეულებრივ, ასეთი ტურნირებისთვის მომზადებაა საჭირო, რათა შესაძლებლობა გქონდეს უმაღლეს დონეზე ითამაშო – არა მხოლოდ მე, არამედ ბევრ ფეხბურთელს.

ჩემი აზრით, სიტუაციის მოგვარება საკმაოდ მარტივია. ლაპარაკი არ არის წუწუნზე და იმაზე, რომ ფეხბურთელები ძალიან დიდ ფულს შოულობენ. ლაპარაკია განმანათლებელ საუბრებზე მოთამაშეთა პროფკავშირებთან და არა ყოფილ ფეხბურთელებთან.

უეფა და ფიფა მე ნუ დამირეკავენ. მე აღარ ვთამაშობ. მე არ ვიცი, რა არის ეს. მე ვიცი როგორ იყო ადრე, მაგრამ არ ვიცი დღეს როგორია ეს სიტუაცია. ასე რომ, დაელაპარაკეთ ვან დეიკს, მო სალაჰს… დაელაპარაკეთ მათ. ისინი დღეს მთავარი მოქმედი პირები არიან.

მე გულშემატკივარი ვარ და მეც კი დავიღალე. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის არ მიყურებია. ფინალიდან შესვენებაზე წავედი. ეს უკვე მეტისმეტია. მე მიყვარს ჩემი ოჯახი, და რაღაც მომენტში მჭირდება მატჩებს შორის შესვენება. მე მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ვინმემ უყურა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს? მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ გულახდილები ვიყოთ: ეს მართლაც მეტისმეტია.

რამდენად ღრმა არის გულშემატკივრების ჯიბეები? აქვთ მათ საშუალება გაემგზავრნონ ერთა ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროტურნირებზე და თან მაისურებიც შეიძინონ?

ჩვენ, ყოფილ ფეხბურთელებს არ გვაქვს შესაძლებლობა რამე შევცვალოთ, არ გაგვაჩნია უფლებამოსილება, რათა გადაწყვეტილებები მივიღოთ, ამიტომაც შეგვიძლია მთელი დღე ვილაპარაკოთ, შევთავაზოთ შესანიშნავი გადაწყვეტილებები და წამოვაყენოთ კარგი იდეები. ერთადერთი, ვისაც შეუძლია საკუთარი ბედი შეცვალოს – ეს თავად მოთამაშეები არიან“, – განაცხადა „არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა.

მსგავსი