„თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურაში ვახტანგ ბუცხრიკიძისა და ავთო წერეთლის გამოკითხვა იგეგმება
პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძისა და შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M“-ის დამფუძნებლის, ავთო წერეთლის გამოკითხვა იგეგმება. ამის შესახებ პირველ არხს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. უწყებაში აცხადებენ, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.
გენერალურ პროკურატურაში 9 იანვარს განაცხადეს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას. ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება. ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, „თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M“-ს, ვალი“, – გენერალურ პროკურატურაში.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. პროკურატურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „თიბისიმ“ „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი M“-ზე გაცემულ სესხებს უიმედო კლასიფიკაცია მიანიჭა, ბანკი ამ კომპანიების დაკრედიტებას მაინც განაგრძობდა.