Theboyhotspur - მიქაუტაძე, შესაძლოა, „ტოტენჰემისთვის“ იდეალური შენაძენი გახდეს #1TVSPORT
„ტოტენჰემი“ 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს ფენომენში, რომელსაც ყველანაირად შეუძლია გოლის გატანა“, – ასეთი სათაურით გამოეხმაურა ინტერნეტგამოცემა Theboyhotspur-ი გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ცნობის მიხედვით, „ტოტენჰემი“ მზადაა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელში „ვილიარეალს“ 50 მილიონ ევრო შესთავაზოს.
„ლონდონელებისთვის 25 წლის ფეხბურთელი იდეალური ვარიანტი იქნება. მას შეუძლია ცენტრალური თავდამსხმელის და მარცხენა ფლანგის პოზიციაზე თამაში და, შესაძლოა, სონ ჰიუნგ-მინის იდეალური შემცვლელი გახდეს.
„ტოტენჰემს“ სამხრეთკორეელი ფეხბურთელის მსგავსი დინამიკური თავდამსხმელი აკლია, რომელიც მცველებთან გამკლავებას და სტაბილურად გატანას მოახერხებს. ამის გამო ქართველი ფეხბურთელი, შეიძლება, იდეალური შენაძენი გახდეს. ის საკმარისად ახალგაზრდაა შემდგომი განვითარებისთვის და აქვს ტექნიკური თვისებები, რათა პრემიერლიგაში კარგად ითამაშოს.
ბელგიურ „სერენში“ მისი ყოფილი მწვრთნელი ემილიო ფერერა გიორგის „ფენომენს“ უწოდებს: „მას ყველანაირად შეუძლია გოლის გატანა: დრიბლინგით, შორი მანძილიდან, მარცხენა და მარჯვენა ფეხით, თავით – ის, უბრალოდ, ფენომენია“.