Theathletic-ი კვარაცხელიაზე - სეზონის საუკეთესო ვარსკვლავი დანარჩენი მსოფლიოს გუნდში ამიტომ დავაყენეთ #1TVSPORT
ავტორიტეტულმა გამოცემამ, Theathletic-მა ევროპისა და მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებები შეადგინა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოებში დაასახელა.
„ბოდიშს გიხდით გარკვეულწილად აბსტრაქტული სისტემისთვის, რომელსაც დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებისთვის ვიყენებთ. აქ არის ახსნა, მსგავს არჩევანზე რატომ შევჩერდით“, – წერს გამოცემა, რომელმაც სიმბოლური ნაკრებები 4-3-3 სისტემით შეადგინა.
ევროპის სიმბოლური ნაკრები
ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) – ჟოაო კანსელო (პორტუგალია), ვირჯილ ვან დეიკი (ჰოლანდია, კაპიტანი), იოსკო გვარდიოლი (ხორვატია), ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა) – როდრი (ესპანეთი),კევინ დე ბრუინი (ბელგია), ჯამალ მუსიალა (გერმანია) – ბუკაიო საკა (ინგლისი), ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია), კილიან მბაპე (საფრანგეთი)
გამოცემამ ევროპის მეორე ნაკრებიც დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა:
ტიბო კურტუა (ბელგია), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), ლუკ შოუ (ინგლისი), დევიდ ალაბა (ავსტრია), ჯოშუა კიმიხი (გერმანია), მარკო ვერატი (იტალია), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი), აურელიენ ჩუამენი (საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო), ჰარი კეინი (ინგლისი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი).
ამავე დროს, გამოცემამ კვარაცხელია დანარჩენი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა, რომლის ლიდერიც ლიონელ მესია:
ანდრე ონანა (კამერუნი) – აშრაფ ჰაკიმი (მაროკო), კიმ მინ ჯეე (სამხრეთ კორეა), ედმონდ ტაფსობა (ბურკინა-ფასო), ალფონსო დევისი (კანადა) – ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი), კაზემირო (ბრაზილია), მოიზეს კაისედო (ეკვადორი) – ლიონელ მესი (არგენტინა), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)
„ეს არჩევანი შეიძლება საკამათო იყოს გეოგრაფიული თვალსაზრისით. საქართველო ტრანსკონტინენტური ქვეყანაა, რომელიც მოქცეულია ევროპასა და აზიას შორის, მაგრამ ევროპის მარცხენა ფლანგი მბაპემ დაიკავა. ამიტომ სეზონის საუკეთესო ვარსკვლავი დანარჩენი მსოფლიოს გუნდში დავაყენეთ.
დაახლოებით ერთი წლის წინ კვარაცხელია, ფაქტობრივად, უცნობი იყო. ახლა 22 წლის ფეხბურთელს „ნაპოლი“ სკუდეტომდე და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე მიჰყავს. ის დიეგოს შემდეგ (ბრემენის „ვერდერში“ 2006-07 წლებში რეკორდული შედეგი აჩვენა) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში, სადებიუტო სეზონში ორნიშნა რიცხვით (10+10) მოახერხა გოლების გაიტანა და საგოლე გადაცემების შესრულება (12 გოლი+10 ასისტი). ოსიმენთან ერთად ქართველის „ქიმია“ სასიამოვნო საყურებელია. ასევე, მას ფეხბურთში სამი ყველაზე მაგარი მეტსახელი აქვს – კვარადონა, კვარავაჯო, ჩე კვარა“, – ვკითხულობთ კვარაცხელიას შესახებ Theathletic -ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.