Theanalyst-ი - ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ყველაზე დიდ საფრთხეს კვარაცხელია-ჩაკვეტაძის წყვილი ქმნიდა, პირველი საქართველოს საკვანძო მოთამაშეა, მეორე - უცნობი ჯადოქარი #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას ყველა იცნობს, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძეს შეუძლია, ევრო 2024-ზე საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. არც ისაა გამორიცხული, ამ ორი მოთამაშის კლასმა „ჯვაროსნები“ ჯგუფიდან გაიყვანოს, – ამის შესახებ წერილს გამოცემა Theanalyst-ი აქვეყნებს.
„როდესაც ნიკა კვეკვესკირმა 26 მარტს თბილისში თერთმეტმეტრიანი გაიტანა, მან საქართველოს ადგილი მოუპოვა ევრო 2024-ზე – ეს პირველი საერთაშორისო ტურნირია იმ ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა.
ამან უზრუნველყო, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია დიდ საერთაშორისო ტურნირზე თამაშს შეძლებდა. მას შემდეგ, რაც 2022 წელს „ნაპოლიში“ გადავიდა, ქართველი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე საშიში თავდამსხმელი გახდა.
კვარაცხელია ევრო 2024-ზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ნაკლებად ცნობილია მსგავსი თვისებების მქონე მისი თანაგუნდელი გიორგი ჩაკვეტაძე. კვარაცხელია მასზე მხოლოდ 18 თვით უმცროსია.
თინეიჯერობის ასაკში, 18 წლის ჩაკვეტაძე „დინამო თბილისიდან“ ბელგიის „გენტში“ გადავიდა და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ 2019 წელს უეფა-მ 50 გამორჩეულ ტალანტში დაასახელა, ხოლო საქართველოში 2018 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
სამწუხაროდ, 2019 წლის დასაწყისში მიიღებულმა მუხლის სერიოზულმა ტრავმამ ჩაკვეტაძის წინსვლა შეანელა. ერთი წლის შემდეგ იგივე ტრავმა განმეორდა და მკურნალობას თითქმის 12 თვე დასჭირდა. ამას დაემატა პანდემია და კვარაცხელიამ გაუსწრო.
ჩაკვეტაძემ, რომელმაც მძიმე ტრავმისგან დაისვენა, კარიერა ისევ თავიდან დაიწყო და აღმავლობის გზაზეა. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებში, მათ შორის პლეი-ოფის ორი მატჩის ჩათვლით, არცერთი მოთამაშე არ წარმოადგენდა უფრო დიდ კრეატიულ საფრთხეს, ვიდრე კვარაცხელიასა (1,23 საგოლე მომენტი საშუალოდ თამაშში) და ჩაკვეტაძის (1,15) შემტევი წყვილი.
ჩაკვეტაძე A ჯგუფში იყო ერთ-ერთი იმ სამი მოთამაშიდან, რომელმაც სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, ნორვეგიელ ანტონიო ნუსასთან და ესპანელ ვარსკვლავ ნიკო უილიამსთან ერთად. სამივე საგოლე გადაცემა კი მან კვარაცხელიას მისამართით შეასრულა.
ჩაკვეტაძე ევრო 2024-ზე ინგლისის ჩემპიონატის „უოტფორდში“ კარგი სეზონის შემდეგ ჩავა. როდესაც ქართველი ლეგენდა შოთა არველაძე ჩაკვეტაძეს ინგლისში ესტუმრა, ყველას არწმუნებდა, რომ 24 წლის ახალგაზრდა ძალიან შეუყვარდებოდათ. არველაძე მართალი აღმოჩნდა. ჩაკვეტაძე „ვიკარაჟ როუდზე“ გულშემატკივრებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთამაშედ იქცა.
დამაიმედებელი დებიუტის შემდეგ ფიზმომზადების პრობლემებს ებრძოდა და ცდილობდა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას, რადგან ხშირად შეცვლაზე თამაშობდა. დებიუტიდან მალევე, როდესაც ჰკითხეს ინგლისის მეორე დივიზიონში თამაშის ტემპის შესახებ, ჩაკვეტაძემ უპასუხა: „რამდენ ჩემპიონატში ვითამაშე და მსგავსი ტემპი არსად ყოფილა. ეს სხვა გარემო და სხვა დონეა“.
ის არ ცდებოდა. შემტევმა ნახევარმცველმა შობამდე „უოტფორდში“ მხოლოდ 474 წუთი ითამაშა – საშუალოდ 28 წუთი თამაშში. „ბრისტოლ სიტისთან“ საშინაო მარცხისას (4:1) ჩაკვეტაძემ თავისი პირველი ბურთი გაიტანა და გუნდში ერთადერთი ნათელი ნაპერწკალი იყო. ამან შეცვალა „უოტფორდში“ ჩაკვეტაძის მდგომარეობა. მან ითამაშა ლიგის მომდევნო 20 მატჩიდან 17-ში, ბოლო სამი ტრავმის გამო გამოტოვა. შობის შემდეგ ის იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც „უოტფორდმა“დაქვეითება თავიდან აიცილა.
ქართველი კლუბის მეორე ყველაზე კრეატიული მოთამაშეა ლიგაში შექმნილი 37 შანსით, 2.6 პოტენციური საგოლე პასით. ჩაკვეტაძის სასარგებლო ქმედება აშკარა იყო: გუნდში ვერცერთი შემტევი ფეხბურთელი მასზე მეტად თამაშს ვერ ამწვავებდა და ავითარებდა. 2023/24 წლების სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონატის ყველა მოთამაშეს შორის მერვე ადგილი დაიკავა შეტევის სიმძაფრით.
საქართველო 18 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში სადებიუტო მატჩს ჩაატარებს თურქეთის წინააღმდეგ, შემდეგ კი ჩეხეთსა და პორტუგალიას ეთამაშება. ტურნირის დებიუტანტებმა, ფინეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გააღწიეს – შესაძლოა იმიტომ, რომ არცერთს არ ჰყავდა იმდენი ტალანტი, რამდენიც ქართულ ნაკრებს.
უელსმა 2016 წლის ტურნირზე ყველა შოკში ჩააგდო ევროპის ჩემპიონატის დებიუტში ნახევარფინალში გასვლით, რაშიც გარეტ ბეილისა და აარონ რემზის პროფესიონალიზმი დაეხმარათ. ვინ იცის, იქნებ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია არიან საქართველოს ის „საბრძოლო მასალა“, რომელიც ამ ნაკრებს ევრო 2024-ზე წინსვლის საშუალებას მისცემს“, – წერს Theanalyst-ი.